17 დღეში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 12 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა

ქვეყანაში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან, 31 მარტიდან დღემდე, 17 აპრილამდე, 4 ათასზე მეტი ჯარიმა გამოიწერა. ჯარიმების ჯამური მოცულობა 12 მლნ ლარს აჭარბებს.

ყველაზე მეტი ადამიანი (1 808) კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა, შედარებით ნაკლებს (1 226) გამოუწერეს საჯარიმო ქვითარი მანქანით გადაადგილების წესების დარღვევისთვის. ამ პერიოდში დისტანციისა და შეკრების წესის დარღვევისთვის 880 ადამიანი დააჯარიმეს, ყველაზე ნაკლები რაოდენობის დარღვევა იზოლაციის წესის (67) და ვაჭრობის წესების (14 - ფიზიკური პირი, 9 - იურიდიული პირი) მიმართულებით დაფიქსირდა.

ყველაზე მეტი ჯარიმა (706) კომენდანტის საათის ამოქმედების მეორე ღამეს გამოიწერა, ყველაზე ცოტა (60) კი პირველ ღამეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 10 დღეში კი შეზღუდვებს კომენდანტის საათი დაემატა. ამ დროიდან შეკრებისა და დისტანციის წესების დარღვევისთვის, მანქანით სამ პირზე მეტის გადაადგილების (მათ შორის, წინ ორი პირის ჯდომის), იზოლაციის წესის დარღვევისა და აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისთვის მოქალაქე 3 ათასი ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი 15 ათასით.