მართლმადიდებელი ეკლესიის მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები რეკომენდაციებით ხალხს „აპანიკებენ“. მეუფე იმ განცხადებამ გააბრაზა, რომლითაც ისინი მოქალაქეებს აღდგომის ღამეს შინ დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
„რო გამოდიხარ და პანიკებს თესავ, პანიკებს ვინც თესავდა ომის დროს, მე კარგად ვიცი, რასაც უშვებოდნენ... ეკლესიაზე გადაბრალება არავის არ გაუვა, ყველამ მიხედოს თავის საქმეს, ჩვენ დავდივართ წირვებზე, მაგათგან დაავადებული ხალხი მოდის ჩვენთან, რომ აპანიკებენ, ფსიქოზური მომენტები ეწყებათ... თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ და მერე დაგველაპარაკონ“, - ამბობს მეუფე.
საქართველოში დღითი დღე იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ ეკლესიებში, რადგან ინფიცირების რისკი მაღალია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 370 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 79 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც დაინფიცირდნენ, თუმცა ჯერ დადგენილი არ არის.