EMC: შეიხი ასადოვი სუს-ში დაიბარეს - გამოძიება აღდგომასთან დაკავშირებით განცხადებას ეხება

შეიხი მირტაგ ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, - ნათქვამია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის “ EMC-ს განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ასადოვის სუს-ში დაბარება უკავშირდება მის გაცხადებას. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.

„მირტაგ ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია „მთავარში“ მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა "ჩვენ-სხვები" სწორი არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: "მაშინ ჩვენს გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა". მირტაგის განმარტებით ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს.

„მათ ჩვენთვის არ განუმარტავთ კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოებას ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო 15 აპრილს.

„დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც", - განმარტა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზისგან განსხვავებულად გამოაცხადება სააღდგომო ლიტურგიის საკითხი პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა. მან საპატრიარქოს პოზიციას შეთანხმება უწოდა და აღნიშნა, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით, „დიდი ზომის ეკლესიებში - 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო, მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები".

16 აპრილს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 336-მდე გაიზარდა. მათგან 74 გამოჯანმრთელებულია. 3 გარდაიცვალა.