მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა ორ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა.

როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბანკი მეტყველებს, ამ დროისთვის მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილია 128 ათასზე მეტი ადამიანი.

ინფიცირებისა და გარდაცვლილთა ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია აშშ-ში. ინფიცირებულთა რიცხვმა 609 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 26 ათასზე მეტი.

გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპაში ყველაზე მძიმე ვითარებაა იტალიაში, სადაც COVID-19-ს 21 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. იტალიაში დადასტურებულია ინფიცირების 162 ათასზე მეტი შემთხვევა.

177 ათასზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი ესპანეთში, სადაც კორონავირუსის შედეგად 18500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთში, საიდანაც დაიწყო პანდემია გასული წლის ბოლოს, დადასტურებულია ინფიცირების 83 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილია 3346.

საქართველოში ამ დროისთვის დაფიქსირებულია ინფიცირების 306 შემთხვევა, გარდაიცვალა 3.