ექთანი COVID 19-ის ფრონტიდან

დღეს ნინო რუპიჩ-ჯანეზაშვილს დასვენების დღე ჰქონდა.

ქალაქიდან დიდი ხნით გასვლა აკრძალული აქვს - შეიძლება ნებისმიერ წამს დაურეკონ საავადმყოფოდან თუ ჩანაცვლება გახდა საჭირო. ამიტომ ეს დრო ძალის მოსაკრებად უნდა გამოიყენოს და ენერგიით შეივსოს, რომ ხვალ დილით ადრე, ისევ იმორიგეოს სავადმყოფოში, სადაც ის COVID 19-ის განყოფილებაში ექთნად მუშაობს.

დღეს ეს ერთადერთი მოქმედი განყოფილებაა ავსტრიის ქალაქ შპიტალის 90-წლიანი ისტორიის მქონე კლინიკაში.

ახლა მთელი პერსონალი ამ განყოფილებაშია გადასროლილი, ადრე რომ თერაპიული ერქვა, სადაც ნინო მუშაობდა. ექიმები ერთმანეთს ენაცვლებიან - საავადმყოფოს პოლიტიკა ასეთია, რომ რესურსი უნდა დაზოგონ. ჯერჯერობით ყველა ჯანმრთელადაა.

თუმცა 14 მარტის შემდეგ იქ ყველაფერი შეცვლილია.

კორონავირუსის პანდემიამ ნინოს და მისი ქალაქის, სამსახურის, ოჯახის, ახლობლების ცხოვრებაც ამოაყირავა. ყველა და ყველაფერი COVID 19-თან ბრძოლის რეჟიმშია.

პირველად ის შეიცვალა, რომ საძინებელი ოთახები გაიყო - ნინომ ცალკე დაიძინა, მისმა ქმარმა - ცალკე. ახლო კონტაქტი გამორიცხულია, რადგან ნინო ეპიცენტრში მუშაობს („ჩვენ მას ფრონტს ვეძახით“, -ამბობს) და რადგან არის საფრთხე, რომ თავად იყოს ვირუსის მატარებელი, თუნდაც უსიმპტომოდ, ასე ამჯობინა.

მერე გაქრა დილით ერთად საუზმობის რიტუალი. ყავას, როგორც წესი, ნინოს ავსტრიელი ქმარი ადუღებდა ხოლმე, „თურქულად“ - თბილისში ასწავლეს. და მერე ნინო საავადმყოფოში გარბოდა.

იქ ახლა თანამშრომლები ყოველდღე იცვლებიან - ისე აღარ არის, როგორც ადრე, როცა ყველას იცნობდა და მეგობრობდნენ. ხან ვისთან ერთად უწევს მორიგეობა, ხან ვისთან - სხვა განყოფილებებიდან. უმრავლესობას არ იცნობს. არც მათი ხმა ეცნობა, არც სახელი იცის, სახეებს ვერ ხედავს.

ასეთ დროს სულ დარდობს - ვისთან ერთად მოხვდება? გამოუვათ კარგად მუშაობა? ხომ ყველაფერი ეცოდინება, რაც საჭიროა?

აქამდე 12 საათიანი გრაფიკით მუშაობდნენ, მხოლოდ ერთი, სადილის შესვენებით. მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია. 12 საათი ნიღბებში, კომბინეზონში, სათვალით. შეუძლებელია ამდენხანს გაძლება, მოძრაობა, კონცენტრირება და რაც მთავარია, სუნთქვა.

ამიტომ არიან ბევრნი და საბედნიეროდ, 6 საათში ერთხელ შეუძლიათ ღილაკს თითი დააჭირონ და: შემცვალეთ, მოითხოვონ.

ავსტრიაში ვითარება ბევრად კონტროლირებადია ვიდრე იტალიაში, ესპანეთსა თუ თუნდაც საფრანგეთში, ამიტომ ეს ფუფუნება იქაურ ექთნებს ჯერ აქვთ.

შეიცვალა ის, რომ ადრე, როცა რაღაც დაავადებას, რომელსაც როგორც მტერს ისე ებრძოდნენ, თითქოს უკეთ იცნობდნენ. ნინომაც იცოდა სად დაერტყა, ხელი სად მოეკიდა, ახლა ინფორმაცია ცოტაა. მტერი უხილავია. „ვიცით როგორ გამოიყურება, თითქოს ლამაზ ყვავილს ჰგავს, რომელიც სინამდვილეში არც ლამაზია და არც კეთილი“.

ეს რაღაცნაირი ნაკლებობა ინფორმაციის, მასთან ბრძოლაში თავდაჯერებულობას ბევრს უკარგავს. თითქოს ყველა იდეალურად არის დაცული, რომ ვირუსი ერთი პაციენტიდან მეორეზე არ გადავიდეს, მაგრამ შიში და კითხვა, რის წინააღმდეგ იბრძვიან ზუსტად, არ ქრება.

იმ ადამიანებს რომ შეხვდეთ, ვისაც ვიცნობ? ვინც მიყვარს? და უცებ რომ ეს ადამიანები დავკარგო? ნინოც ფიქრობდა ასე. როგორც ყველა.

ადრე პაციენტები მის დანახვაზე მადლიერებას გამოხატავდნენ, მუდამ უხმობდნენ. ახლა - აჭერენ ღილაკს, რაღაც სჭირდებათ. შედიხარ, მათ კი თვალებში შიში უდგათ, ასეთს რომ გხედავენ. ასე ჩაცმულს. თითქოს პალატაში უცხოპლანეტელი შევიდა. ხანდახან სათვალეც კი დაბურულია, ექიმების და ექთნების თვალებსაც ვერ ხედავენ. დადიან გაბერილი არსებები, რომლებსაც კომბინეზონის ქვეშ კიდევ სხვა ტანსაცმელი აცვიათ. და თუ უცებ რომელიმე სიცხიან პაციენტს თავზე დაადგები, ცდილობენ განიშნონ, მალე გახვიდე.

ერთმა მძიმე პაციენტმა ამასწინათ ძლივს ასწია ხელები და ორ-ორი თითი თვალებზე დაიდო, მერე თავი გააქნია, გადიო, ნინოს ანიშნა, შენი დანახვა არ მინდაო. ესეც შეიცვალა, როცა პაციენტს სულ სჭირდებოდი და გეძახდა, ახლა თითქოს ყველას ეშინია. პალატიდან მალე უნდა გახვიდე.

საჭმელს რომ ჭამს, თავის ულუფას დაჰყურებს. იქ ხომ არ შეიძლება იყოს რამე ვირუსი? ხელები სწორად დაიბანა თუ არა? კომბინეზონს რომ იხდიდა, ხომ ყველაფერი სწორად გააკეთა?

თითქოს არ გინდა, მაგრამ შიში მოდის, როცა ღამის მორიგეობისას აუტანელი სიჩუმე ჩამოწვება ხოლმე.

ამ დროს ჰაერი გჭირდება. ცდილობ ფანჯარა გააღო, ნიღაბი ოდნავ გამოწიო და ჩაისუნთქო, იყურები გარეთ და ხედავ, რომ ყველაფერი უკაცრიელია. იქ, სადაც ადამიანები დადიოდნენ, მანქანები მოძრაობდნენ - სიცარიელეა. მხოლოდ შენს ანარეკლს ხედავ ფანჯრის მინაში ამ ტანსაცმლით.

ნინოსთვის ეს ისეთი სიჩუმეა, ზღვაზე შტორმის წინ რომ იცის. დგას და ფიქრობს ხოლმე, ქარიშხლის წინა სიჩუმე ხომ არაა? „იმიტომ რომ დღემდე არ ვიცით რა იქნება, დასაწყისში ვართ, შუაში თუ ბოლოში გავედით“.

პაციენტების კონტროლისას, ყველა პალატის კარის შეღებისას ფიქრობს, ხომ ყველა სუნთქავს? ხომ ყველა ცოცხალია? ნინოს ცვლაში ჯერ არავინ გარდაცვლილა, თუმცა სიკვდილის შემთხვევები იყო.

ერთხელ ერთი პაციენტის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. აღარც ბრძოლა უნდოდა. არც წვეთოვანი. აღარაფერი. ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა. სახლში უნდოდა. ამბობდა, ჩემს ახლობლებთან გამომშვიდობება მინდაო. ამ დროს დგახარ და იცი, რომ ემოციების ადგილი არ არის, ექთანს თავისი საქმე აქვს, მაგრამ თან მაინც გეფიქრება, ღამის პირველ საათზე დავრეკო მის ახლობლებთან და მივცე მათ დალაპარაკების საშუალება? დამშვიდობებას ვერ ახსენებ. ამიტომ საჭირო სიტყვები უნდა იპოვო და უთხრა - პაციენტი ძალიან განიცდის, რომ სახლი მოენატრა და იქნებ ორი სიტყვით გაესაუბროთ... როგორც წესი, ოჯახის წევრები ამას მადლიერებით ხვდებიან ხოლმე. ნინოს ასეთი გამოცდილება აქვს.

პირდაპირ არავინ სთხოვს ოჯახში დარეკვას, მაგრამ განსაკუთრებით მოხუცების თვალებში ჩანს ხოლმე ეს თხოვნა. უნდათ ახლობლის ხმა გაიგონონ. ექთნობის გარდა, ნინო პაციენტის ოჯახებთან დამაკავშირებელი რგოლიცაა. ასეა ყველა მისი კოლეგა.

COVID 19-ის განყოფილებაში შესასვლელად მათთვის ცალკე შესასვლელი არსებობს. იქ ერთი სართული მათ განკარგულებაშია - იქ შეუძლიათ გამოიცვალონ და დაისვენონ.

ჯერ საოპერაციო ლურჯ ან მწვანე ტანსაცმელს იცმევენ. მერე მეორე სართულზე ადიან და იქ უკვე სხვა დანარჩენს - თეთრი კომბინეზონი, ორმაგი ხელთათმანი, სათვალე, ნიღაბი. თავსაბურავი. ჩაცმას თავისი თანმიმდევრობა აქვს, რომლის დარღვევაც აკრძალულია. თავისი წესი აქვს გახდასაც, რომ დავირუსებულ სივრცეში ნამყოფ ზედაპირზე ხელი არ მოუხვდეთ.

ყველაზე რთული მომენტი ნიღბის გაკეთებაა. იქამდე ნინო ჯანეზაშვილი ძალიან ღრმად ამოისუნთქავს ხოლმე, თითქოს ჰაერს იმარაგებს. ყველაზე მეტად ეს უჭირს, რადგან ნახევარ სააათში ფაქტობრივად ვეღარ სუნთქავს - ტვინს ძალიან ცოტა რაოდენობით ჟანგბადი მიეწოდება. ასეთ დროს რაღაც ზეძალისხმევა გჭირდება სამუშაოს გასაგრძელებლად.

როცა ცვლა მთავრდება, ამჯერად სხვა გასასვლელიდან გადიან, ტანსაცმელს ყრიან. ხელებს ისუფთავებენ და ასე მუდმინად. ყველაფერი მეორდება.

მაგრამ როცა დამცავი კომბინეზონი ნაგავში ვარდება, ყველას ეფიქრება, ხომ არ გამოილევა მარაგი? ნინოს და მის კოლეგებსაც სულ მოუწოდებენ, ეკონომიურად გამოიყენონ. ამიტომ არის, რომ საპირფარეშოში ფაქტობრივად არ გადიან.

გცხელა, იხუთები, თან უკვე დათბა, მაგრამ წყალი არ უნდა დალიო, რომ ტუალეტში გასვლა არ მოგინდეს. ამას არავინ კრძალავს, მაგრამ ჯერ ერთი, რომ ყველა უფრთხილდება ტანსაცმელს და მეორეც, ეშინიათ, გახდისას ვირუსი ხელზე არ მოხვდეთ.

მერე სადილის შესვენება მოდის. ნახევარი ან ერთი საათი და ექთნების კონტეინერები იხსნება. ზოგს სახლიდან მოაქვს რაც სურს, ზოგს საავადმყოფოს სასადილოდან.

ამ მცირეხნიანი შესვენების შემდეგ ისევ პაციენტებს უბრუნდებიან. იშვიათად, როცა ყველა მოვლილია და არაფერი სჭირდებათ, თავისუფალი დროც გამოჩნდება ხოლმე. მაგრამ ეს ყველაზე აუტანელი დროა ნინოსთვის - ან დროს ფიქრს იწყებს. და ეს ფიქრი ყველა შიშს აერთიანებს. საქმე ჯობია.

ყველაზე დიდი მოთხოვნა სახის კრემზეა, რომ როგორმე სახე პირბადის ნაკვალევისგან დაიცვან. არანაირი ნაკიაჟი, არანაირი სამკაული. ეს ყველაფერი დავიწყებული ამბავია. ხელთათამებს რომ იხსნის, კანი დიდხანს ექავება ხოლმე. ექვსი საათი გაუხდელად. ადვილი წარმოსადგენია.

იმ დღეს ერთმა მოხუცმა პაციენტმა ხმით იცნო.

მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გამოიყურებით, მე ვიცი, რომ ლამაზი ყავისფერი თვალები გაქვთ და ხშირად ისვამთ პომადას. ისევ მინდა ასე გნახოთ, - უთხრა.

ახალგაზრდებს პალატაში გაჩერება უჭირთ და უფრო მეტად დეპრესია შემოაწვებათ ხოლმე. მათ პალატის გარეთ გასვლის უფლება არა აქვთ. იქაც მხოლოდ ნიღბით შეუძლიათ იყვნენ. ტელეფონზე ილაპარაკონ. ან წაიკითხონ. რასაც შეძლებენ. მაგრამ ძირითადად საბანი აქვთ ხოლმე თვალებამდე აფარებული და ისე წვანან. ბევრს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება.

აღდგომის დღესასწაულზე ნინომ ერთ პაციენტს შეახსენა, დღეს აღდგომააო, თან მიულოცა. მან კი უპასუხა, დღეს აღდგომა კი არ არის, აღდგომა იქნებოდა ყველაფერი რომ ისე ყოფილიყო როგორც ყოველთვისო.

კორონავირუსის გარდა სხვა თემა თითქოს აღარ არსებობს. ყველა საუბარი ამით იწყება და სრულდება. ყველა საინფორმაციო. ერთადერთი, სახლში აღარ ლაპარაკობენ ამაზე. ორი კვირის შემდეგ ვირუსის გავრცელებიდან, თქვეს, რომ სახლში მაინც დაესვენათ.

რაღაც მომენტში ნინოსთან სამსახურშიც მიხვდნენ, რომ ამაზე ლაპარაკი იმაზე მეტ ძალას ართმევდა მათ, ვიდრე წარმოედგინათ.

თუ დრო აქვს, ნინო მთაში მიდის ხოლმე და იქ ცოტა ხნით ისვენებს. „ასე ვათავისუფლებ თავსო“, - ამბობს.

კიდევ ბევრი ეფიქრება იმაზე, როდის შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას. წელს, ეს, ალბათ, აღარ გამოვა. ავსტრიის მოქალაქეებს მთავრობამ უკვე მოუწოდა უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

კიდევ ნინოს თავის თანამშრომლების სახეების დანახვა ენატრება - ჯერ არ იცის ეს როდის მოხდება. დილის ცვლის გადაბარებისას მათთან ერთდ ყავის დალევა.

ამ ვირუსმა პატარ-პატარა სიხარულების მნიშვნელობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. უფრო სწორედ იმაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრობა და ჯანმრთელობა ყოფილა.

„ეს თითქოს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან ნათელია“.

ხვალ ახალი დღეა. ნინოს ცვლა.