კოვიდ-19-ით დაინფიცირებულმა პირმა ღვთისმსახურება ხარების დღესასწაულის მეორე დღესაც ჩაატარა

ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თანახმად, სასულიერო პირმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მას შემდეგაც ჩაატარა ღვთისმსახურება, რაც ხარების დღესასწაულზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მამა გიორგი მეორე დღესაც მივიდა, თუმცა ტაძარი თითქმის ცარიელი დახვდა:

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში. როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან არის დაკავშირებული. მსახურების მერე იგრძნო თავი შეუძლოდ და ამის შემდეგ მიმართა ექიმებს და ანალიზმა აჩვენა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი.

მეორე დღეს მას მსახურება ჰქონია, თუმცა, ტაძარში, ფაქტობრივად, არავინ არ იყო. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავაფრთხილეთ, რომ ვინც რისკჯგუფებშია, ვისაც სახლში რისკჯგუფში მყოფი, ასაკოვანი ადამიანები ჰყავს, თავი შეიკავონ ამ პერიოდში ეკლესიაში სიარულისგან. ამის გამო, ფაქტობრივად, არავინ არ იყო ტაძარში, მარტო ვიმსახურეო“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი თქმით, ამ დროისათვის ტაძარი დაკეტილია, თვითიზოლაციაში იმყოფება ტაძრის 6 მსახური.

საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღდგომის დღესასწაულზე სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება.​

ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ 21 პაციენტს შორის სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრებიც არიან. ისინი საავადმყოფოში 13 აპრილს შეიყვანეს.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, საავადმყოფოში სასულიერო პირის ოჯახის სამი წევრი მკურნალობს. მათგან ვინ გახდა ინფიცირების წყარო, ექიმისთვის ამ დროისთვის უცნობია.

14 აპრილის 17 მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 296 შემთხვევა. მათგან 69 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.