ბოჭორიშვილის კლინიკაში სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები მკურნალობენ

ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ 21 პაციენტს შორის სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრებიც არიან. ისინი საავადმყოფოში 13 აპრილს შეიყვანეს.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, საავადმყოფოში სასულიერო პირის ოჯახის სამი წევრი მკურნალობს. მათგან ვინ გახდა ინფიცირების წყარო, ექიმისთვის ამ დროისთვის უცნობია:

„ვინ არის წყარო, ოჯახის რომელი წევრი მერე შეიძლება იმის წინა წყაროებზე საუბარი. ამას ეპიდემიოლოგიური სამსახურები მიხედავენ“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. მისი განმარტებით კოვიდ-19-ით დაავადებული სასულიერო პირს აქვს მშრალი ხველა და მაღალი ტემპერატურა.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, სასულიერო პირის დაინფიცირება ტაძარში მოხდა, იქ სადაც მსახურობდა. "კურიერის" თანახმად, ტაძარი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს, სასულიერო პირის კონტაქტები კი შესწავლილია.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, კლინიკა "თიმის" თანამშრომელია სასულიერო პირის და, რომლის 4 თანამშრომელს და ოჯახის წევრებს - შვილს და დედამთილს - ასევე დაუდასტურდათ კოვიდ-19.

საქართველოში 272-დან 296-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

განახლებული მონცემები 14 აპრილს, 10:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 296 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 68. გარდაცვლილია 3.