მოსკოვი საქმეს აღძრავს პრაღაში საბჭოთა მარშლის ძეგლის აღების გამო

საბჭოთა მარშლის, ივან კონევის ძეგლის აღების მომენტი. პრაღა, 2020 წლის 3 აპრილი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ის აპირებს სისხლის სამართლის საქმე აღძრას ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღაში, მეორე მსოფლო ომის პერიოდის საბჭოთა მარშლის ძეგლის აღების გამო. სადავო სამხედრო მეთაურის, ივან კონევის ძეგლი პრაღაში 3 აპრილს აიღეს.

კომიტეტი აცხადებს, რომ ის გამოიძიებს სავარაუდო, „რუსეთის სამხედრო დიდების სიმბოლოების შეურაცხყოფას“, რაც ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. ძეგლის აღებამ კიდევ უფრო ცივი გახადა ურთიერთობა რუსეთსა და ჩეხეთს შორის.

საგამოძიებო კომიტეტი თვლის, რომ ჩეხეთმა დაარღვია რუსეთთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. ამის თაობაზე კომიტეტის წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.

მარშალი კონევი მეორე მსოფლიო ომის დროს, 1945 წლის მაისში შემოუძღვა წითელ არმიას პრაღაში მას მერე, რაც ნაცისტებმა ქალაქი დატოვეს წინააღმდეგობის მოძრაობის მხრიდან გათავისუფლების შედეგად.
ძეგლი, რომელიც 1980 წელს, ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობის დროს დაიდგა, დიდხანს იყო დავის საგანი და 1989 წლის შემდეგ სისტემატურად ხდებოდა ვანდალიზმის სამიზნე.

კონევი მეთაურობდა საბჭოთა ჯარს, რომელმაც 1956 წელს უნგრეთის ამბოხება ჩაახშო და რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ბერლინის კედლის აგებაში.

ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ კონევი მონაწილეობდა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნის ჯარების შემოსვლის ორგანიზებაში. მარშალი 1973 წელს გარდაიცვალა.

ჩეხეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კონევის ძეგლს სხვაგან დადგამენ და მის ადგილას აღიმართება პრაღის გათავისუფლებისთვის მებრძოლთა მემორიალი, ვინც პრაღა უკვე გაათავისუფლა კონევის შემოსვლამდე.

მოსკოვმა პროტესტი გამოთქვა ძეგლს აღების გამო. 9 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სთხოვა თავის კოლეგას, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრს, ლუბომირ მეტნარს, ძეგლი რუსეთისთვის გადაეცათ. მეტნარმა თხოვნა უარყო და შოიგუს განუცხადა, რომ ძეგლი ქალაქ პრაღას საკუთრებაა.