საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს პანდემიის შემდეგ შეარჩევენ

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საჭიროა საპენსიო სააგენტოს დირექტორობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება, თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გასაუბრების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

„საპენსიო სააგენტო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სრულყოფილად ახორციელებს თავის ფუნქციებს. რაც შეეხება დირექტორის დანიშვნას, კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა, საკმაოდ მაღალი იყო ინტერესი. ახლა შემდეგი ეტაპი დაკავშირებულია გასაუბრებასთან, რაც, მოგეხსენებათ, კორონავირუსის პირობებში საკმაოდ რთული და მიზანშეწონილი არ არის, რადგანაც ადამიანებს უნდა შევხვდეთ, უნდა მოვუსმინოთ და ჯობია, ეს მას შემდეგ გავაკეთოთ, რაც ეპიდემია გადაივლის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობიდან პირადი ინიციატივით 16 იანვარს გადადგა. სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე.

ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებდა და 5 წლის ვადით იყო დამტკიცებული.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში 120 განაცხადი შევიდა. განცხადებების მიღების ვადა 31 იანვარს ამოიწურა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის შრომის ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდეა.

2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საპენსიო სააგენტოში 62 190 ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული. მონაწილეთა რაოდენობაა 976 399, აკუმულირებული საპენსიო შენატანი 565 მილიონი ლარი, ხოლო დარიცხული სარგებელი 21.5 მილიონი ლარია.