გაზაფხული სეზონური ალერგიის პერიოდია, მცენარეების აყვავებასთან ერთად ალერგიულ ადამიანებს ეწყებათ ცემინება, ხველა, ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და, შესაბამისად, ხელიც ხშირად ხვდება სახეზე. შეიძლება თუ არა, კორონავირუსი უფრო მეტ საფრთხეს ქმნიდეს მათთვის, ვინც ალერგიულია? - რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე პასუხობს.
ალერგენების ჩამონათვალი
„ალერგია ორგანიზმის იმუნური სისტემის მომატებული მგრძნობელობაა გარემოში გავრცელებული ისეთი ალერგენების მიმართ, რომლებიც, როგორც წესი, მოსახლეობის უმრავლესობისთვის უვნებელია.
ეს ალერგენები შეიძლება იყოს:
- მცენარეული მტვერი
- ოთახის მტვერი
- ცხოველების ეპითელიუმი
- საკვები
- მედიკამენტები
- სხვადასხვა მწერი, ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგს ალერგია ჰგონია იმუნური სისტემის დაქვეითების შედეგი, რეალურად კი იმუნური სისტემის ჰიპერსენსიტიური რეაქციაა გარემოში გავრცელებული ალერგენების მიმართ“, - ამბობს ალერგოლოგი.
ყურადღებით გაზაფხულზე
ამ პერიოდში დიდი ალბათობით მოსალოდნელია ალერგიული პაციენტების სიმპტომების გამწვავება, რადგანაც მცენარეთა ყვავილობის შუა პერიოდია, აპრილის ბოლოსთვის დაიწყება ბალახებისა და მარცვლოვნების ყვავილობა, რომლებიც მაღალი ალერგენობის მცენარეებად ითვლებიან.
თუ აქვთ ალერგიასა და Covid-19-ს საერთო სიმპტომები და როგორ უნდა გაარჩიოს ისინი პაციენტმა?
სეზონურ ალერგიას ახასიათებს:
-
- თვალების, ცხვირის და ყურების ქავილი
- სპაზმური ხველა
- მსტვინავი ხიხინი, ზოგ შემთხვევაში ქოშინი
- ამოსუნთქვის გაძნელება
Covid-19-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- ცხელება
- ზოგადი სისუსტე (დაღლილობის შეგრძნება)
- მშრალი ხველა
- უმადობა
- ქოშინი
ზოგს იშვიათად ყნოსვის და გემოს დაკარგვა, თავის ტკვილი, ყელის ტკივილი და ა.შ.
ანუ მას, ვინც ფრთხილობს და ეშინია, ალერგიის პარალელურად კორონავირუსი ხომ არ აქვს, უნდა ვუთხრათ, რომ ალერგიას არ ახასიათებს ცხელება, ქავილი კი ალერგიის დამახასიათებელი ნიშანია, რომელიც საზონური ალერგიის დროს გარეთ გასვლისას მწვავდება. ცემინება და სურდო შეიძლება იშვიათად იყოს კორონავირუსის სიმპტომი, სიხშირით ის ძირითად ხუთეულში არ შედის.
შეიძლება თუ არა, კორონავირუსი იყოს საფრთხე ალერგიული ადამიანებისთვის?
- ცალსახად შეიძლება ითქვას რომ კორონავირუსი ალერგიულ ადამიანებს უფრო მეტად არ ემართებათ და არ არიან რისკჯგუფში. თუმცა, საყურადღებოები არიან ალერგიული ასთმის მქონე ადამიანები.
-
- ალერგიული პაციენტებიდან მთავარი რეკომენდაცია ეკუთვნის ასთმის მქონე ადამიანებს, რადგან ქრონიკული დაავადებაა. მსოფლიოს 300 მლნ-ზე მეტ ადამიანს აღენიშნება. დაავადებას ახასიათებს ქოშინი, ამოსუნთქვის გაძნელება, მსტვინავი ხიხინი, გულმკერდის შებოჭილობა.
ზოგადად, რისკჯგუფში შედიან სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების, თირკმლის დაავადებების, დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.
სპეციფიკური დეტალები, რომელიც პანდემიასთან ერთად გაჩნდა
ამერიკის ასთმის, ალერგიისა და იმუნოლოგიის კოლეჯის რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ასთმის მქონე პაციენტმა თვითნებურად, ექიმის გარეშე არ შეწყვიტოს მისთვის დანიშნული ინჰალატორის გამოყენება, რადგან თუ მათი ასთმა მედიკამენტის ფონზე კარგად კონტროლირებულია, ასეთ დროს კორონავირუსული ინფექცია ნაკლებ ზეგავლენას იქონიებს პაციენტზე.
კორონავირუსის ინფექციის პირობებში, ჩვენ ასევე არ ვუწევთ რეკომენდაციას ნებულაიზერის გამოყენებას. ბავშვების შემთხვევაში უფრო ხშირად მიმართავენ ხოლმე მშობლები ამ გზას, რადგან ინჰალატორს მცირე ასაკის ბავშვები ტექნიკურად ვერ იყენებენ. თუკი ბავშვს ექნება Covid-19, ნებულაიზერის მეშვეობით მოხდება ინფექციის გავრცელება, რაც გამოიწვევს სხვების დაინფიცირებასაც.
როგორ უნდა მოხდეს ალერგიისა და მისი სიმპტომების პრევენცია?
- დიდი ნაწილი ალერგიული პაციენტებისა არიან ისინი, ვისაც ყოველწლიურად აქვს სეზონური ალერგიის ნიშნები და მათ უკვე წინასწარ იციან, რომ გაზაფხულთან ერთად ექნებათ ეს სიმპტომები. საერთაშორისო რეკომენდაციის მიხედვით, მათ ალერგიულ პერიოდამდე ორი კვირით ადრე უნდა დაიწყონ ექიმის დანიშნული წინასასეზონო მკურნალობა. ასეთ შემთხვევაში სიმპტომები არ გამოუვლინდებათ და რისკი იმისა, რომ ისევ თვალში ან ცხვირზე მოხვდება ალერგიის გამო ხელი, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
- ზოგადი რეკომენდაციაა, სახლში მოსვლისას ყველაფერი გამოიცვალონ, რადგან ხანდახან ხდება ისე, რომ ეს მცენარეული მტვერი რჩება ტანსაცმელზე და ისევ ალერგიის მაპროვოცირებელია.
- ხელები და სახე დაიბანონ, რომ სხეულზე დალექილი მცენარეული მტვერი ბოლომდე ჩამოშორდეს.
- სეზონური ალერგიის შემთხვევაში, ასევე კარგი იქნება, თუ მანქანით მგზავრობისას ავუწევთ ფანჯრებს.
- დილის 10 საათიდან შუადღის 4 საათამდე არ არის სასურველი გარეთ გასვლა, რადგან ამ დროს მცენარეული მტვრის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია. მით უმეტეს არ არის სასურველი ამ პერიოდში ვარჯიში, რადგან ღრმად სუნთქვის დროს მეტი ალერგენი შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში და ალერგიული სიმპტომები მეტად გამოვლინდეს
- ასევე ქარიან ამინდში არ არის სასურველი გასვლა, რადგან მცენარეული მტვრის დიდი რაოდენობა ტრიალებს ჰაერში
- ხოლო ვისაც ალერგიის ნიშნები აქვს, თუმცა ზუსტად არ იცის, რა იწვევს მას - ცხოველის ბეწვი, მცენარეების ყვავილობა, ოთახის მტვერი თუ სხვა, საჭიროა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა, კანის სინჯის მიხედვით, ანუ კანზე ხდება ალერგენების მოთავსება და ნახევარ საათში პასუხი უკვე ცნობილია. დიაგნოსტირება შესაძლებელია ვენიდან აღებული სისხლითაც. შემდეგ უკვე საჭიროა სწორი მკურნალობის დანიშვნა ალერგოლოგის მიერ.