კორონავირუსი: როგორ შეხვდება საქართველო აღდგომას

ახალი კორონავირუსის აფეთქების, საქართველოში მოქმედი კარანტინისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, ხალხი ეკლესიებში სიარულს არ წყვეტს. უცვლელი რჩება რელიგიური რიტუალები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების რიკს ზრდიან. 10 დღე რჩება აღდგომის დღესასწაულამდე, როცა, როგორც წესი, უამრავი ადამიანი იკრიბება ეკლესიებსა და სასაფლაოებზე.

პარალელურად, მლოცველებისთვის ჩაკეტილია იერუსალიმი, სადაც სამი ძირითადი რელიგიის, ქრისტიანობის, ისლამისა და იუდაიზმის სიწმინდეებია თავმოყრილი. შეცვლილი ფორმით შესრულდება მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის უმნიშვენლოვანესი “წმინდა ცეცხლის” ცერემონიაც.

31 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი მოქმედებს - თითოეულ მოქალაქეს ეკრძალება 21 საათიდან 6 საათამდე გარეთ გასვლა; სახლის დატოვება სრულად ეკრძალებათ 70 წელს გადაცილებულებს, თუ ისინი უახლოეს მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში არ მიდიან. აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის თავშეყრაც.

დაწესებული შეზღუდვები მართლმამდიდებელი მრევლის ნაწილს არ აჩერებს ეკლესიებში შეკრებისგან. ადამიანები კვლავ ეზიარებიან საერთო კოვზით, რაც საპატრიარქოსთვის სიწმინდეა, მეცნიერებისთვის - ინფექციის გავრცელების წყარო. კორონავირუსი ნერწყვით და მისი შხეფებით გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

ზიარების წესის კრიტიკაზე საქართველოს საპატრიარქოს მკაფიო პასუხი აქვს: “ეკლესიის წევრებისთვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია”.

“ეს ბავშვურ ჭირვეულობას ჰგავს, რომელსაც საკუთარი ახირების დათმობა არ სურს და სხვებსაც აიძულებს მის ჭკუაზე, უფრო სწორედ, მის უჭკუობაზე იარონ”, - წერს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე რადიო თავისუფლებისთვის ბლოგპოსტში ეკლესია, ვირუსი და ლოგოსი და განაგრძობს: “ამ უგუნურების ფასი კი შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს მთელი საქართველოსთვის”.

აპრილის თვეში მართლმადიდებელი ეკლესია არაერთ დღესასწაულს აღნიშნავს, როგორებიცაა ხარება (7 აპრილი), ბზობა (12 აპრილი) და ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაული, აღდგომა, რომელიც 19 აპრილს აღინიშნება. ამ პერიოდში, როგორც წესი, განსაკუთრებით ბევრი ადამიანის იკრიბება ეკლესიებსა და სასაფლაოებზე. საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი საქართველოში 21 აპრილს, აღდგომიდან ორი დღის შემდეგ სრულდება.

სწორედ დღესასწაულების შემდეგ ელოდებიან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკს. ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს ერთ-ერთი პირველი ექიმის, ამირან გამყრელიძის მოლოდინით, დაახლოებით ერთ თვეში, აპრილის ბოლოს, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-6-ჯერ გაიზრდება და 1000-1200-ს მიაღწევს.

“თუ ის [დღესასწაულები] ჩატარდა ტრადიციული ფორმატით, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მატება”, - ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე და მოკრძალებით ამატებს, “კატეგორიულად არ მინდა ჩავერიო მის [ეკლესიის] საქმიანობაში, რჩევები მივცე და ეს ვაკადრო”.

“ილოცეთ სახლში”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მორწმუნე ქრისტიანებს მოუწოდებს, ეკლესია და მღვდლები ეკლესიაში არ მისვლით დაიცვან და სახლში ილოცონ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბევრი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა ეკლესიასაც ეხება და განაგრძობს: “ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიჰყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს მთლიანად საზოგადოებისთვისაა გაცემული. ჩვენი ყველას მიზანია, მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი“.

ეკლესიამ ნამდვილად გაითვალისწინა ჯანდაცვის სპეციალისტების ზოგიერთი რეკომენდაცია და მრევლს ურჩია ლიტურგიის შესრულებისას დარჩნენ ტაძრის ეზოში და დაიკავონ დისტანცია. სააღდგომო ლიტურგია, როგორც წესი, 23 საათზე იწყება. კომენდანტის საათის გამო, ჯერ-ჯერობით, ეკლესიას აღდგომის აღნიშვნის წესის შეცვლაზე არაფერი უთქვამს. ხელისუფლების წარმომადგენლები მკაფიოდ აცხადებენ, რომ 21 საათიდან დილის 6 საათამდე გარეთ გასვლა არ არის ნებადართული.

“რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მასობრივი შეკრება ეკლესიაში ან ნებისმიერ სხვა სივრცეში”, – ამბობს ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

კორონავირუსის აფეთქების გამო, რელიგიური წეს-ჩვეულებები არაერთმა ქვეყანამ შეცვალა. საუდის არაბეთმა ჩაკეტა მექა და მედინა. მლოცველებისთვის დაიხურა მსოფლიოს უდიდესი მეჩეთები. რომის პაპმა ფრანცისკემ ცარიელ ტაძარში ჩაატარა მესა, მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილმა, მათ შორის, ბულგარეთის ეკლესიამ მოუწოდა მრევლს სახლში დარჩენისკენ. პილიგრიმებისთვის ჩაიკეტა იერუსალიმიც, სადაც სამი ძირითადი რელიგიის, ქრისტიანობის, ისლამისა და იუდაიზმის მნიშვნელოვანი სიწმინდეებია თავმოყრილი.

ჩაკეტილი იერუსალიმი

ისრაელში ახალი კორონავირუსის 9 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 70-ზე მეტი გარდაცვალება ფიქსირდება. ქვეყანაში საზოგადოებრივი შეკრება მკაცრადაა შეზღუდული. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, აკრძალულია ორზე მეტი ადამიანის შეკრება, რომლებიც ოჯახის წევრები არ არიან; მთელს ქვეყანაში, მოქალაქეები გაფრთხილებული არიან, დარჩნენ სახლთან 100 მეტრის რადიუსში; ყველამ, ვინც გარეთ გავა, უნდა გაიკეთოს ნიღაბი, ან შარფი.

Reuters-ის ცნობით, იერუსალიმში, დასავლეთის კედელთან, ყველაზე წმინდა ადგილას, სადაც ებრაელებს ლოცვის უფლება აქვთ, დასაშვებია მხოლოდ 10 ადამიანის ლოცვა, რომლებმაც 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. რაბინი, იუდეველთა სულიერი მოძღვარი კი მორწმუნეებს მოუწოდებს, არ ემთხვიონ ქვებს. ხელისუფლებამ სრულად ჩაკეტა ულტრა-ორთოდოქსული ებრაული ქალაქი ბნეი ბრაკი, რომელიც თელ ავივთან ახლოს მდებარეობს და რომელსაც კორონავირუსის გავრცელების უმაღლესი მაჩვენებელი აქვს.

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელში სპეციალური შეზღუდვები დაწესდა უდიდესი ებრაული დღესასწაულის პასექის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივ, ამ დროს, ისრაელელები, ოჯახებით, ქუჩაში გამოდიან და ზეიმობენ. წელს, მათ სახლიდან გასვლა აეკრძალათ. დროებით აიკრძალა მიმოსვლა ქალაქებს შორისაც.

“თუ პოზიტიური ტრენდი გაგრძელდა, იზოლაციას ნელ-ნელა დავასრულებთ, პასექის დღესასწაულის შემდეგ”, - განაცხადა ბენიამინ ნეტანიაჰუმ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

დისკუსია გრძელდება, თუ როგორ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ქრისტიანულ კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულის, აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომელსაც კათოლიკეები 12 აპრილს აღნიშნავენ, მართლმადიდებლები კი ერთი კვირის შემდეგ, 19 აპრილს.

მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხალხმრავალი “წმინდა ცეცხლის” ცერემონია 18 აპრილის ღამით უნდა გაიმართოს. იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძრის კარები კი ხალხისთვის 25 მარტს ჩაიკეტა კორონავირუსის აფეთქების გამო.

ჩამოვა თუ არა “​წმინდა ცეცხლი”​ საქართველოში?

მართლმადიდებელ ქრისტიანებს სჯერათ, რომ “წმინდა ცეცხლი” სასწაულია. ცერემონიას იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ასრულებს, რომელიც კუვუკლიაში შედის და უკან ანთებული სანთლებით ბრუნდება. ჩვეულებრივ, ცეცხლი ნაწილდება ათასობით ადამიანზე, რომლებიც ეკლესიაში იკრიბება.

გაზეთი Jerusalim Post თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის ხელისუფლება აღდგომასთან დაკავშირებული ცერემონიების ჩატარების ნებართვას გასცემს, თუმცა შეზღუდულად. ასევე, უკვე შეთანხმებულია ცეცხლის წაღება რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში.

“სავარაუდოდ, ქრისტეს საფლავის ტაძარში 10-15 ადამიანი დაიშვება აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, რომლებიც პოლიციის ესკორტით, “წმინდა ცეცხლს” აეროპორტში წაიღებენ”, - წერს Jerusalim Post.

საქართველოში “წმინდა ცეცხლი”, სავარაუდოდ, სპეციალური რეისით ჩამოვა 18 აპრილს თელ ავივიდან, საქართველოს 120 მოქალაქესთან ერთად.

საქართველოს დროშით მფრინავი “საქართველოს ავიახაზების” დირექტორი რომან ბოკერია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, სავარაუდოდ, ისრაელში საპატრიარქოს ორი წარმომადგენელი გაემგზავრება. დაიშვება გამონაკლისი და სასულიერო პირები პილოტის კაბინაში მოთავსდებიან, რათა ისრაელიდან წამოყვანილ მგზავრებთან არ ჰქონდეთ შეხება.

ისრაელში ჩასული ნებისმიერი ადამიანისთვის სავალდებულოა 14-დღიანი თვით-კარანტინი. ამიტომ, შესაძლოა ქართველ მღვდლებს თვითმფრინავის დატოვების საშუალება არ მიეცეთ და “წმინდა ცეცხლი” მათთან მიიტანონ.

საქართველოს საპატრიარქოს პრეს-სპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საბოლოოდ დაზუსტებული არაა, ვინ წავა ისრაელში “წმინდა ცეცხლის” საქართველოში წამოსაღებად.

“წმინდა ცეცხლის” ცერემონია, ასევე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა ონლაინ.

7 აპრილს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე ხარების დღესასწაულზე სამებაში წირვას არ დაესწრო და მორწმუნეებს მხოლოდ ვიდეომიმართვით მიულოცა. 87 წლის ილია მეორე ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფშია, თუმცა როგორც ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, პატრიარქის ხარების დღესასწაულზე არყოფნა კორონავირუსს არ უკავშირდება.

“თუ რაიმე სხვა შემაფერხებელი არ იქნა ჯანმრთელობის მხრივ, აღდგომის მსახურებაზე პატრიარქი იქნება”, - ამბობს ჯაღმაიძე.