ფოთის პორტში NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ოთხი ხომალდი შემოვიდა. ესენია: ფლაგმანი ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი). დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში კი შენაერთის მეხუთე ხომალდიც TCG SALIHREIS (თურქეთი) ჩაერთვება. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხომალდებს შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მასპინძლობს.
შსს-ს ცნობით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები „ოჩამჩირე" [P23] და „დიოსკურია" [P25] და NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია NATO-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.
როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები კი მოიცავს მხოლოდ ხომალდების მანევრებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.
„შენაერთის ვიზიტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე NATO-საქართველოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას“, - აცხადებს შსს.
NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს, ერთობლივი წვრთნების ჩატარების შემდეგ დატოვებენ. ეს მიმდინარე წელს შენაერთის პირველი ვიზიტია საქართველოში. 2019 წლის განმავლობაში NATO-ს ხომალდები საქართველოს პორტებს ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში ესტუმრნენ.