აშშ-მა რუსეთში დაფუძნებულ, ულტრანაციონალისტურ ჯგუფს, "იმპერიულ მოძრაობას" და მის სამ ლიდერს ტერორისტების კვალიფიკაცია მიანიჭა, რაც ამ ჯგუფს აქცევს თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეოლოგიის მიმდევარ პირველ უცხოურ გაერთიანებად, რომელსაც ეს განსაზღვრება მიუსადაგეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორისტული პროგრამის კოორდინატორმა, ნეითან სეილსმა 6 აპრილს ამ ნაბიჯს "უპრეცედენტო" უწოდა და თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ მოძრაობას "უდანაშაულოთა სისხლით აქვს დასვრილი ხელები".
ეს ჯგუფი საკუთარ თავს აღწერს "რუს მართლმადიდებელ ეროვნულ-პატრიოტულ და მონარქისტულ ორგანიზაციად", რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში ავტოკრატიული მონარქიის აღდგენას. ჯგუფის მიზნებში ასევე შედის რუსეთის მონოეთნიკურ სახელმწიფოდ გამოცხადება, რომელიც კონცენტრირებული იქნება, ჯგუფის აზრით რუსი ხალხის სამ განშტოებაზე - რუსებზე, უკრაინელებზე და ბელორუსებზე. მოძრაობას წარმომადგენლობები აქვს სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში და ნიჟნი ნოვგოროდში. ჯგუფის გასამხედროებული ფრთა, იმპერიული ლეგიონი, წევრებს წვრთნის საბრძოლო მეთოდებში.