როგორ უნდა გამოვიდეს მსოფლიო COVID-19-ით გამოწვეული ჩაკეტილობიდან, შეამსუბუქოს მკაცრი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრების გაგრძელება შეძლოს? ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს სვამს ყველა ქვეყნის მთავრობა და ცდილობს დაინახოს, რა დარჩება მათი ეკონომიკიდან ეპიდემიის უკან დახევის შემდეგ.
ე.წ. ლოქდაუნიდან გამოსვლის გზაზე კი ჩნდება იდეები, რომლებიც თითქმის ზედმიწევნით იმეორებს დისტოპიური რომანების სიუჟეტებს. და ეს იდეები გვხვდება კიდეც ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის სტრატეგიულ სამოქმედო დოკუმენტებშიც. რომ, მაგალითად, გამოსავალი შეიძლება იყოს მოსახლეობის მუშაობა ცვლებში, მუშაობა ასაკის მიხედვით, ხანდაზმულების იზოლაცია გაცილებით დიდი ხნით, ვიდრე წარმოგვედგინა, რეგიონების დაყოფა ზონებად და ა.შ.
რამდენი ფილმის (წიგნის) შინაარსი გაგახსენდათ? ბევრია ასეთი.
მკაცრი საკარანტინო რეჟიმიდან გამოსვლის ბრძანებები ახლა იწერება. ხოლო კითხვაზე „როგორ“ - ყველაზე ხშირად მთავრობები პასუხობენ სიტყვით „თანდათან“.
ქვეყნების მთავრობების მზერა კი მიმართულია კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლისკენ. მთავარი ბიძგი მოქმედებისთვის - ამ მრუდის გასწორებაა, რაც ნიშანი იქნება, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და შეზღუდვების მოხსნაზე ფიქრი შეიძლება.
Your browser doesn’t support HTML5
ისრაელის გეგმა - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დისტოპიაში
ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის რამდენიმე კონკრეტული გზა უკვე დაასახელა. პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია საკარანტინო ზომების შემსუბუქების თაობაზე, რომელიც ქვეყნის მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილი იქნება.
გამოცემა Haaretz.com წერს, რომ ამ გეგმის თანახმად, პირველი პუნქტი, თანდათანობით, ქვეყანაში არსებული მკაცრი ზომების შესუსტებაა.
ლაპარაკია ისრაელის მოსახლეობის ორ სამუშაო ცვლად დაყოფის იდეაზე - პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, ერთი ჯგუფი იმუშავებს, მაგალითად, ერთ კვირას, მეორე ჯგუფი - მეორე კვირას. ამ დოკუმენტის თანახმად, ოჯახის წევრებმა ერთ ცვლაში უნდა იმუშაონ. ხოლო თუ ვინმეს დაავადების სიმპტომი გამოუვლინდება, მას, ჩვეულებრივ, კარანტინში გადაიყვანენ.
ერთ-ერთი შემოთავაზება სამუშაო დღეების ციკლის ცვლილებას ეხება და გულისხმობს საკარანტინო პერიოდის ყოველ 10 დღეში 4-დღიან სამუშაო ციკლს.
მეოთხე წინადადების თანახმად კი, ხალხს თანდათანობით მოეხსნება შეზღუდვა კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა
- ასაკი,
- რისკჯგუფი,
- და ის, არის თუ არა კონკრეტული პირი ვირუსის პოტენციური გამავრცელებელი.
ისრაელის მოდელის თანახმად, შესაძლოა, მოსახლეობა კრიტერიუმებად დაიყოს: მაღალი რისკის ჯგუფი დარჩება ისევ სრულ იზოლაციაში, ხოლო დანარჩენებზე შეზღუდვების მოხსნა თუ შემსუბუქება დამოკიდებული იქნება ინფექციის გავრცელების მაჩვენებელზე.
და არის კიდევ ერთი, მეხუთე წინადადებაც, რომლის მიხედვით, ქვეყანა შესაძლოა დაიყოს გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით და ამის შესაბამისად შემსუბუქდეს შეზღუდვები, აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი:
- მოსახლეობის სიმჭიდროვე,
- ასაკობრივი განაწილება,
- ოჯახის სტრუქტურა,
- სატრანსპორტო კავშირები,
- ადამიანების კარანტინირებული რაოდენობა,
- დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობა და ა.შ.
შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნის სტრატეგიაზე მუშაობს საფრანგეთიც, სადაც მკაცრი კარანტინი 17 მარტს გამოცხადდა. საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, სტრატეგია რამდენიმე დღეში იქნება მზად, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესების გათვალისწინებით.
COVID-19-დან გამოსვლის შემდგომი პერიოდი და ეკონომიკის აღდგენის პროცესი იქნება „ძალიან რთული“, რადგან არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი და მეთოდი“, - ეს სიტყვები საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ედუარდ ფილიპს ეკუთვნის.
მისივე თქმით, საფრანგეთი ეტაპობრივად ეცდება შეზღუდვების მოხსნას, რეგიონების მიხედვით, ვირუსზე ტესტირების ახალი მეთოდის გამოყენებით.
ეკონომისტები კი უკვე მსჯელობენ იმის თაობაზე, რომ ქვეყნების უმრავლესობისთვის კორონავირუსით გამოწვეული სტაგნაცია და კარანტინის რეჟიმის გახანგრძლივება, შესაძლოა, გაცილებით მეტი ზიანის მომტანი გახდეს, ვიდრე თავად „მკვლელი ვირუსი“.
და მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამოჩენის დღიდან არაერთხელ გაისმა სიტყვათშეთანხმება, სიცოცხლე თუ ბიზნესი, და მთავრობები იძულებულები გახდნენ, დროებით უარი ეთქვათ მეორეზე, დღეს უკვე მათი გამოწვევა ისიცაა, როგორ შეუნარჩუნონ სიცოცხლე მათივე ქვეყნების ეკონომიკას.
როგორ უნდა მოხდეს ყველაფრის აღდგენა? ამ კითხვაზე პასუხს ეძებს ავსტრიაც. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა 6 აპრილს განაცხადა, რომ აღდგომის შემდეგ ქვეყანაში უნდა დაიწყოს ნელ-ნელა დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებაში.
Your browser doesn’t support HTML5
როგორც ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსმა, ირმა კვიცარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ავსტრიის ხელისუფლებამ უკვე გამოსცა ბრძანება კორონას პანდემიის შეზღუდვების მოხსნის თაობაზე. მასში საუბარია, რომ:
- 14 აპრილიდან გაიხსნება 400 კვადრატული მეტრის მქონე ფართობის მაღაზიები, ასევე დაიშვება სამშენებლო სამუშაოები.
- შეზღუდვები გარეთ გასვლაზე აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
- 1 მაისიდან გაიხსნება საპარიკმახეროები და დიდი სავაჭრო ცენტრები, სადაც დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცის ყველა პირობა.
- მაისის შუა რიცხვებიდან გაიხსნება რესტორნები და კაფეები, აქაც სოცდისტანცირების დაცვის პირობით.
- ასევე მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ მუშაობას სასტუმროები.
- სკოლებში სწავლა, შესაძლოა, გაგრძელდეს მაისის შუა რიცხვებიდან. დამამთავრებელი გამოცდები იქნება ზაფხულის სემესტრის ბოლოს.
- უნივერსიტეტებში სწავლა გაგრძელდება დისტანციურად.
- ყველა სხვა ღონისძიება, კონცერტები და ა.შ. ავსტრიაში ივნისის ბოლომდე აკრძალულია.
ვაქცინას ჯერ დააგვიანდება, გავძლებთ კი მანამდე?
რით უნდა დაიწყოს საქართველომ, რომელსაც, მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით, როგორც ეკონომიკის პოლიტიკის მკვლევრებიც ამბობენ, კიდევ უფრო გაუჭირდება ფეხზე დადგომა.
რეკომენდაციების მომზადება დაიწყეს ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრშიც, რომლის ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ არ არსებობს ეკონომიკის გადარჩენის მეთოდი, როცა ეკონომიკა გაჩერებულია. დახმარებით კი შესაძლოა მხოლოდ მომუშავე ეკონომიკას დაეხმარო და არა გაჩერებულს.
ამიტომ, ნინო ევგენიძე ფიქრობს, რომ საქართველოსაც მოუწევს ვირუსის პირობებში ცხოვრების გაგრძელება და ეკონომიკის ნაწილობრივ მაინც ამუშავება.
„თუკი ჩვენი ამოცანა დისტანციის დაცვაა და დეკონცენტრაცია, მაშინ აქცენტი უნდა გაკეთდეს არა რაოდენობრივ შეზღუდვაზე, არამედ სიმჭიდროვესა და კონცენტრაციაზე. და ამ წესების დაცვით იყოს დაშვებული რაღაც ტიპის ეკონომიკური საქმიანობა. თუ ადამიანები შეძლებენ დაიცვან სამმეტრიანი დისტანცია სამსახურში, რატომ უნდა აუკრძალო მათ მუშაობა?
მე ვფიქრობ, რომ მოხუცები უნდა დარჩნენ შინ, მაგრამ ნელ-ნელა, პირობების დაცვით, ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა დავუშვათ და ცხადია, ამ ნორმების ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების პარალელურად“.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე და ამ დროისთვის, როგორც ამბობს ნინო ევგენიძე, უკვე უნდა არსებობდეს იზოლაციიდან გამოსვლის გეგმა.
ეკონომისტმა გიორგი ქადაგიძემ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ასევე გამოაქვეყნა რამდენიმეპუნქტიანი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება გამოვიდეს საქართველო კრიზისიდან და როგორ შეიძლება კრიზისი იქცეს შესაძლებლობად ღარიბი ქვეყნისთვის.
მისი სიტყვებით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა (სტრატეგიული მდებარეობა, გადასახადების სიმცირე და ა.შ.), იპოვოს თავისი ადგილი:
„ხალხურად რომ ვთქვა, რეგიონულ ქალაქებში შესაძლებელი გახდება ფაბრიკა/ქარხნების გადმოტანა და აწყობა, რომელიც მანამდე ჩინეთიდან ოპერირებდა. ეს კი, დასაქმების დიდი წყარო გახდებოდა რეგიონებში“.
ქაგაგიძე ასევე წერს, რომ დისტანციური მუშაობის პირობებში, რაც, დიდი ალბათობით, გაიზრდება, უამრავი სერვისის მიმწოდებელი კომპანიისთვის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება:
„სწორი მარკეტინგის, გამართული საგადასახადო სისტემის და ადეკვატური სამართლებრივი გარემოს შეთავაზებით, შესაძლებელია საქართველო ძალიან მიმზიდველ ადგილად იქცეს. ეს კიდევ ათასობით სამუშაო ადგილია დამატებით.
მისივე თქმით, თუ ამ კრიზისს საქართველო კარგად გაუმკლავდება, მას შეუძლია მსოფლიო ბიზნესსაზოგადოებას შესთავაზოს საქართველო, როგორც დაცული (safe heaven) და უსაფრთხო ქვეყანა. „სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად“, - წერს გიორგი ქადაგიძე.
რა გეგმა აქვს ტურიზმის შემყურე საქართველოს?
„პოსტკრიზისულ ეკონომიკის აღორძინების გეგმაზე მუშაობს საქართველოც“, - განაცხადა 6 აპრილს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომლის სიტყვებით, საქართველო დამოკიდებულია გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ვითარებაზე. თუმცა ჯერჯერობით ამ გეგმის დეტალები საჯარო არ გამხდარა.
თურნავამ 6 აპრილს მხოლოდ ის თქვა, რომ ეს გეგმა ქვეყანას საშუალებას მისცემს, „პირველივე მომენტიდან, როგორც კი ძირითადი საფრთხე გადაივლის, შევძლოთ, კვლავ ამოვქოქოთ ჩვენი ეკონომიკა“.