ტრამპი COVID-19-ის „ყველაზე რთული“ მომავალი კვირის თაობაზე გვაფრთხილებს, ევროკავშირი „ევროპისთვის მარშალის გეგმაზე“ ფიქრობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ „ბევრი დაღუპული“ იქნება და ამერიკელებს დაუდგებათ „ყველაზე რთული“ კვირა COVID-19-ის პანდემიის გამო. ამის ფონზე ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა მოწოდებით, შემუშავდეს „მარშალის გეგმა ევროპისთვის“, რათა კონტინენტს მხარდაჭერა აღმოუჩინონ ახალი კორონავირუსის გამანადგურებელი ზემოქმედებისგან.

ეს განცხადება გავრცელდა ცნობების ფონზე, რომ მსოფლიოში COVID-19-ით დასნეულებულთა რიცხვმა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 1,2 მილიონს გადააჭარბა და თითქმის 65 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. თითქმის მეოთხედი მილიონი ადამიანი მთლიანად განიკურნა ახალი კორონავირუსისგან.

აშშ-მა გააფართოვა ტესტირების კამპანია და ახლა მსოფლიოში აღნუსხული ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავს, მათი რიცხვი 312 ათასს აღემატება.

გავრცელებული ცნობებით, საეჭვოა COVID-19-ის შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ჩინეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან, ასევე თურქმენეთიდან ვრცელდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები „ცას და დედამიწას შეძრავენ", რათა დაიცვან „დიდი ამერიკელი მოქალაქეები“ და აღნიშნა, რომ არმია დიდი რაოდენობის სამედიცინო პერსონალს გამოყოფს, რათა ქვეყანა გამოწვევას გაუმკლავდეს. ტრამპმა სოციალური დისტანცირების რეჟიმი 30 აპრილამდე გაახანგრძლივა, მაგრამ 5 აპრილს იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მალე დაუბრუნდება სამუშაოს.

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა მოწოდებით, შემუშავდეს „მარშალის გეგმა ევროპისთვის“, რითაც მინიშება გააკეთა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ასეთი დასახელების გეგმაზე, როცა ომით განადგურებულ ევროპას მხარში ამოუდგა აშშ. ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირის ხარჯები უნდა ასახავდეს სოლიდარობის აუცილებლობას და კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უნდა შეესაბამებოდეს.

იტალიასა და ესპანეთს, თითოეულს 125 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა აქვთ. ერთად, ორ ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 27 ათასია. ბრიტანეთში 4 აპრილს სარეკორდო რაოდენობას, 708-ს, მიაღწია ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა. მათ შორის არის 5 წლის ბიჭუნა. სულ ბრიტანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 4300-ს გადასცდა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 42 ათასზე მეტია.