რაჭაში, ონის რაიონში, მდინარეზე რიონზე რომ ჰიდროელექროსადგურ „ონის კასკადის“ მშენებლობაზე სამინისტრომ გარემოსდაცვითი ნებართვა გასცა, რადიო თავისუფლება ამაზე რამდენიმე დღის წინ მოგითხრობდათ. აი, ამ მასალაში:
ასევე ნახეთ „თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე“: ონში ჰესის მშენებლობას გარემოს დაცვის სამინისტრომ მწვანე შუქი აუნთომოკლედ რომ გავიხსენოთ, ონის კასკადი (ონი 1 ჰესი - 122,46 მგვტ და ონი 2 ჰესი 83.7მგვტ) იქნება 206.1 მგვტ სიმძლავრის. კასკადის თითოეული საფეხურის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ნაგებობები:
● სათავე წყალმიმღები ნაგებობა.
● სადერივაციო-სადაწნეო სისტემა.
● ძალური კვანძი (ჰესის შენობა და ქვესადგური).
ეს იქნება არა კაშხალი, არამედ ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰესების კასკადი.
რაჭა სეისმურად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია. 1991 წელს, იქ კავკასიაში ყველაზე მძლავრი (მაგნიტურა - 7) მიწისძვრა მოხდა. იქ სადაც ჰესი უნდა აშენდეს, ბევრია ე.წ. ღვარცოფული მდინარეები, რომელთა დიდი ნაწილი, როგორც ჰიდროლოგებიც აღნიშნავენ, ბოლომდე სწავლილი არ არის. მდინარე რიონის ნაწილი გვირაბში უნდა მოექცეს.
ეს მხოლოდ რამდენიმე დეტალია, რომელიც ონში ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს მოჰყავთ მაგალითად თუ რატომ უნდა ეთქვას მყარი „არა“ ონის კასკადს.
რადიო თავისუფლება ამ სტატიაში გთავაზობთ სამ მოსაზრებას ონის ჰესის აშენების კონტრარგუმენტებით.
კომუნისტების დროს გაჩენილი იდეის რეინკარნაცია
ასე უწოდებს ონში ჰესის აშენების იდეის ხელახლა გაჩენას გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი, რომელიც დიდი ხანია ჰესების საკითხზე მუშაობს.
დათო გვიამბობს, რომ ონში, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის იდეა დღეს და გუშინ არ გაჩენილა. ეს იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაჩნდა. იმ დროის ამბავია. ოღონდ მაშინ ჰესი უნდა აშენებულიყო სხვაგან, უფრო ზემოთ, უნდა მოწყობილიყო რეზერვუარი, ლაპარაკი იყო სოფელ ჭიორას დატბორვაზე და ა.შ.
მაშინ პროექტი გაჩერდა. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი რაჭის 1991 წლის მიწისძვრაც იყო.
Your browser doesn’t support HTML5
დათო ჭიპაშვილი ფიქრობს, რომ ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ რაჭა, სეისმური თვალსაზრისით, დღემდე საფრთხის შემცველი ზონაა და მნიშვნელობა არა აქვს, დღეს რაში გაატარებენ წყალს. მითუმეტეს, რომ გვირაბი, რომელშიც მდინარე რიონი უნდა მოექცეს რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, მისი თქმით გადის კონკრეტული სოფლების თავზე, დამეწყრილ ადგილებში და უნდა გაიაროს ღვარცოფული მდინარეების კალაპოტები.
„ამ პროექტით, იგეგმება 2 გვირაბის მშენებლობა. ონი 1 ჰესის გვირაბი - 12,5 კილომეტრის სიგრძის და მეორე, დაახლოებით, 9,5 მეტრის გვირაბი ცოტა დაბლა, სოფელ სორის თავზე. ამ მონაკვეთებში, მათ შორის, სოფელ უწერაშიც, მდინარე რიონი, ისეთი, როგორსაც ხალხი დღეს ხედავს, აღარ იქნება. დარჩება წამში 2,5 კუბური მეტრი წყალი, ანუ პატარა ნაკადული. ხოლო რიონის კალაპოტის სიდიდის გათვალისწინებით, საერთოდ გამოჩნდება თუ არა ეს წყალი იქ, ეს კიდევ საკითხავია“, - ამბობს დათო ჭიპაშვილი.
რა როლს ასრულებს რიონი ადგილობრივი მოსახლეობისთვის?
აი, ერთი მაგალითი.
იმ ადგილას, სადაც წყალი აღარ უნდა დარჩეს, მდინარე რიონის წყალაღების წერტილიდან წყალჩაშვების წერტილამდე, ჩამოდის დაახლოებით 10 ღვარცოფული მდინარე. ამ მდინარეების მიერ ჩამოტანილ მასას, სწორედ რიონი რეცხავდა. საფრთხეს, რომელიც დროთა განმავლობაში შესაძლოა ამ სოფლებს შექმნოდა ამ ნაშალის დაგროვებით, არეგულირებდა სწორედ რიონი.
დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში წერია ის, რომ თუ, მაგალითად, ღვარცოფული მდინარე მუშუანი ჩამოიტანს ნაშალს, გახსნიან ფარებს ზემოთ არსებულ დამბაზე და ორი-სამი დღით გამოუშვებენ რიონის წყალს, რომელიც ჩარეცხავს დაგროვილ ნაშალს. მაგრამ ეს ჩანაწერი, გარემოსდამცველის აზრით, არ ეფუძნება არანაირ კვლევას.
მისი თქმით, მეორე საკითხია ის, რომ არავინ იცის ზუსტად როდის შეიძლება რაჭაში გამეორდეს ძლიერი მიწისძვრა, ისევე როგორც ის, გაუძლებს თუ არა მას გვირაბი, რომელშიც რიონი უნდა გაატარონ. ასევე არ არის პასუხი კითხვაზე, რა მოხდება თუ მიწისძვრის შედეგად გააქტიურდება მეწყრული პროცესი:
„მე არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, სადაც სეისმურად ასეთ ზონაში აშენებდნენ ჰიდროელექტროსადგურს. ისევე როგორც ვერ ვნახე ვერცერთი მაგალითი, რომ ჰესს აშენებდნენ ღვარცოპულ მდინარეებზე, როგორც ეს სვანეთში, მესტიაჭალაზე მოხდა“.
კიდევ უფრო დეტალურად შენიშვნები და კითხვები მოცემულია აქ „მწვანე ალტერნატივისა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ ონის ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ნამახვანის ჰესების კასკადის სკოპინგის ანგარიშების კვლევაში.
ორი მთავარი ხარვეზი?
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს თეა გოდოლაძეს საკითხის შესწავლის თხოვნით ონის კასკადის მოწინააღმდეგე საინიციატივო ჯგუფმაც მიმართა და არსებობს კიდეც ოფიციალური პასუხი, სადაც წერია, რომ გზშ-ში ფაქტობრივად არ არის შეფასებული სამშენებლო ტერიტორიის სეისმური საშიშროება. ციტატა:
„ასეთი ნაგებობებისთვის ყოველთვის სპეციალური სამუშაოები ტარდება სეისმური საშიშროების შეფასებისათვის და ხდება სეისმური საშიშროების სხვადასხვა დონის განსაზღვრა (ე. წ. მაქსიმალური შესაძლო მიწისძვრა, საპროექტო მიწისძვრა, საშუშაო დონის მიწისძვრა და სხვა). ამას გვეუბნება დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკაც და რეკომენდაციები ჰიდროტექნიკური ნაგებობების სეისმური საშიშროების შეფასების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ სეისმური საშიშროების შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიის გრუნტის კატეგორიის განსაზღვრა, რაც სეისმური პროფილირების საშუალებით ხდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასეთი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა არ არის მოცემული შედეგები“.
თეა გოდოლაძეს რადიო თავისუფლებამაც ჰკითხა, რატომ „არა“ „ონის კასკადს“?
მან გვითხრა, რომ გზშ-ში თანდართული სეისმური დატვირთვების კვლევას აქვს საკმაოდ ბევრი ხარვეზი. მაგრამ გამოყო ორი კონკრეტული და მისი სიტყვებით, უმთავრესი:
„კატალოგი, რომელსაც ეს კვლევა ეფუძნება, არ არის კარგი და სწორი. და მათ არა აქვთ ასევე აქტიური რღვევების ზუსტი რუკა, ანუ მონაცემი, სადაც ხდება მიწისძვრა“.
Your browser doesn’t support HTML5
თეა გოდოლაძე ასევე განმარტავს, რომ რაჭა დღესდღეობით არის ყველაზე აქტიური სეგმენტი გაგრა-ჯავის ცნობილი რღვევისა. რაც, მისი სიტყვებით, ნიშნავს იმას, რომ იქ მიწისძვრები ხდება და მოხდება კიდევ კარგა ხანს.
„და არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ ჩვენ იქ გვქონდა ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისძვრა, რაც კი კავკასიაში მომხდარა - მაგნიტურა შვიდიანი. ხოლო კომპანიებს ჰესების მშენებლობა, როგორც წესი, გათვლილი აქვთ დაბალ სეისმურობაზე“.
ამას ემატება გოდოლაძის თქმით, საქართველოში ძალიან ცუდად შესწავლილი სფერო - ჰიდროლოგია.
„ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი ანგარიში, სადაც ზუსტად არის დათვლილი წყლის ხარჯი, სადაც დათვლილია მდინარეებზე ექსტრემალური მონაცემები. იცით აქ რა იგულისხმება? აი, მაგალითად, მდინარე ვერე დღეს ხომ მოწანკარებს, მაგრამ ის ჩვენ ვნახეთ რად შეიძლება გადაიქცეს და ეს ყოველ 30 წელში შეიძლება მოხდეს. ჩვენ არ ვიცით რას იზამს რაჭაში არსებული ღვარცოფული მდიმარეები. და მაშინ რა გამოდის? რომ მიდიხარ სადღაც ბრმად და რაღაცის კეთებას იწყებ“.
ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული მავნე პროექტი?
ცალკეული გარემოსდამცველი ორგანიზაციების გარდა, დღეს რაჭაში ჰესის აშენებას ეწინააღმდეგება მოძრაობა „არა ონის კასკადს“.
ეს არის სამოქალაქო მოძრაობა, რომელშიც ის ადამიანები არიან გაერთიანებული, ვისაც რაჭის ბედი აღელვებს და პირველივე დღიდან ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას.
რატი მეტრეველიც ერთ-ერთი მათგანია. და ის ამბობს „არას“ პირველ რიგში იმიტომ, რომ საფუძვლიანი კვლევები იქ არ ჩატარებულა.
„ჩვენი მოძრაობა დაუკავშირდა სეისმოლოგებს, ჰიდროლოგებს, არსებობს მათი კონკრეტული პასუხები ჩვენს კითხვებზე, თუ რატომ არ შეიძლება ხეობაში მდინარის მოპარვა. ჩენ უკვე გვაქვს შუახევის ჰესის მაგალითი, თუ თუ როგორ დაიწყეს შენება კვლევების გარეშე და როგორ დამთავრდა ეს პროცესი, ესეც ვნახეთ. "ონის კასკადის" მშენებელი, ალბათ, ჩვეული უდარდელობით დაგვიწყებს იმის მტკიცებას, რომ კვლევები არსებობს და საფუძვლიანი, მათ შორის სეისმურიც, თუმცა ჩვენმა მოძრაობას ამ უკანასკნელზეც მიიღო პასუხი, რომ ეს სეისმური კვლევა მცდარია და არასწორად შესრულებული“.
რატი მეტრეველი ეჭვქვეშ აყენებს „გამა კონსალტინგის“ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშების საფუძვლიანობასაც და ამბობს, რომ არსებობს მრავალი კითხვა, თუ რამდენად პატიოსნად აკეთებს ეს ორგანიზაცია ასეთ სამუშაოს (ამ ორგანიზაციის შესრულებულია შუახევი ჰესის პროექტის გზშ-ც).
არა იმიტომ, რომ:
„ონის კასკადი ერთის განხორციელება ფაქტიურად საკურორტო ზონაში ხდება. საკურორტო ზონაში მდინარის გაქრობა, არა მხოლოდ ჩვენი, უწერის თემისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის საგანგაშო უნდა იყოს. ამბობენ ხოლმე, რომ პროექტი 21 კილომეტრზე ხორციელდება. დიახ, ასეა პროექტით გათვალისწინებული, მაგრამ რეალურად მდინარის კალაპოტი 36-37 კილომეტრი რჩება მდინარის გარეშე
მე არ ვუსვამ ხაზს, იმას რომ პროექტი სეისმურად არამდგრად ადგილზე ხორციელდება, თუმცა ეს მომენტი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის განვითარების სტრატეგიაშიცაა გაწერილი, (ეს დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროსაა მიღებული და თავად აწერს ხელს) სადაც აღნიშნულია, რომ დიდი პროექტების განხორციელება მიზანშეუწონელია სწორედ სეისმური არამდგრადობის გამო“.
ხოლო განცხადებები ჰესის აშენების სიკეთეებზე, იმაზე, რომ ის ადგილზე შექმნის სამუშაო ადგილებს, მოსახლეობას დაამაგრებს სოფლად, ელენერგია იქნება უფასო, რატი მეტრეველს პოპულისტური განცხადებები ჰქონია და ამბობს, რომ ეს არის სწორედ „ის ბრჭყვიალა ქაღალდი, რაშიც ფუთავენ ამ მავნე პროექტს“:
„მოსახლეობა, რომ ვინმემ სოფლად დაამაგროს, ამისთვის ისევ მოსახლეობაა საჭირო. ეს სოფლები კი ფაქტობრივად ცარიელია. მე მიმაჩნია, რომ უწერის თემი, რიონის ხეობიდან გაქრობის მერე, საერთოდ გაუჩინარდება“, - უთრა რატი მეტრეველმა რადიო თავისუფლებას.
ონში ჰესის აშენებას, ცხადია, ჰყავს მომხრეებიც. პირველი რიგში, მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს სახით. რა არის მომხრეთა არგუმენტები, არა მხოლოდ მშენებელი კომპანიის, არამედ მათი თანამოაზრე ენერგეტიკოსების და სხვა სპეციალისტების, რომლებიც, როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო გვეუბნება, აქტიურად იყვნენ განხილვის პროცესში ჩართული, ამაზე რადიო თავისუფლების მომდევნო მასალებში ვილაპარაკებთ.
გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელმაც გარემოსდაცვითი ნებართვა უკვე გასცა, ფაქტია, რომ სს „ონის კასკადის“ მიერ წარმოდგენილი კვლევებით დაკმაყოფილდა.