პრაღაში აიღეს საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლი

3 აპრილს, პარასკევ დილით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში აიღეს საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლი, რომლის არსებობაც მრავალი წლის განმავლობაში იწვევდა პრაღის მოსახლეობის პროტესტს.

გასული წლის ზაფხულში ჩეხეთის დედაქალაქში უცნობებმა წითელი საღებავი გადაასხეს კონევის ძეგლს, ხოლო პოსტამენტს წააწერეს: „არა სისხლიან მარშალს“! „არ დავივიწყებთ!“ ასევე რიცხვები 45, 56, 61 და 68.

ძეგლის დემონტაჟის თაობაზე გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო პრაღის რაიონ, პრაღა 6-ის მუნიციპალურმა საბჭომ, რომელმაც რუსეთის საელჩოს შესთავაზა მარშლის ძეგლის სხვა ტერიტორიაზე გადატანა.

ძეგლის დემონტაჟის შემდეგ პრაღა 6-ის თავკაცმა, ონდჟეი კოლარჟმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „მას [კონევს] სახეზე პირბადე არ ეკეთა. წესი ყველამ უნდა დაიცვას - ქუჩაში გამოსვლა შეიძლება მხოლოდ დაფარული ცხვირ-პირით“, - განაცხადა პოლიტიკოსმა, რომელიც კონევის ძეგლის დემონტაჟის ერთ-ერთი ინიციატორია.

ჩეხეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე 19 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კარანტინის მკაცრი წესები, რაც კრძალავს ქუჩაში პირბადის გარეშე გამოჩენას.

გავრცელებული ცნობით, საბჭოთა მარშლის ძეგლს გადაიტანენ სპეციალურ საცავში, საბოლოოდ კი იგი გახდება მე-20 საუკუნის ხსოვნის მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილი. იმ ადგილზე, სადაც ივან კონევის მონუმენტი იდგა, სამომავლოდ დაიდგმება 1945 წელს, პრაღის გათავისუფლებისადმი მიძღვნილი ძეგლი.

კონევი ვარშავის ხელშეკრულების ჯარებს სარდლობდა 1956-1960 წლებში და 1956 წელს უნგრეთის რევოლუციის ჩახშობას ზედამხედველობდა. მოგვიანებით ის იყო საბჭოთა საოკუპაციო ჯარების სარდალი აღმოსავლეთ გერმანიაში.

საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლი პრაღაში 1980 წელს დაიდგა.