ფრთხილად, თქვენ ახლოს COVID-19-იანი პაციენტია: რას გამცნობთ თქვენი მობილური ტელეფონი?

მალე საქართველოც შეუერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყნის მოქალაქეების ციფრული თვალყურის დევნების გზასაც გამოიყენებს.

ეს ნიშნავს, რომ მობილური ტელეფონებისთვის შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს იმ შემთხვევაში გააფრთხილებს, თუ ისინი დაინფიცირებულ პირთან ახლოს აღმოჩნდებიან.

ზუსტად როგორი იქნება ეს აპლიკაცია, როდის შეძლებენ მის გამოყენებას საქართველოს მოქალაქეები, რამდენად იქნება დაცული პერსონალური მონაცემები? ამ და სხვა კითხვებზე ჯერჯერობით დეტალური პასუხები არ გვაქვს.

2 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გამაფრთხილებელი მობილური აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს.

„ვარგებთ ქართულ რეალობას, ბაზას ემატება მონაცემები და როდესაც დავრწმუნდებით, რომ ის გამართულ რეჟიმში იმუშავებს, მაშინვე ვამცნობთ მოსახლეობას. ამ აპლიკაციით მათ ეცოდინებათ , ჰქონდათ თუ არა მათ პოტენციურ ინფიცირებულთან რაიმე სახის კონტაქტი, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც დაეხმარება კონტაქტების დადგენაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი მოადგილის, თამარ გაბუნიასგან კი ვიცით, რომ საქართველო თანამშრომლობს ავსტრიასთან და სწორედ ავსტრიული მოდელის ადაპტირებასა და მის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე მუშაობენ ახლა.

ავსტრიაში მსგავსი აპლიკაცია, რომელსაც "The Stop Corona App" ჰქვია, უკვე ასი ათასზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა.

ასევე ნახეთ გაბუნია: ვმუშაობთ იმ აპლიკაციის დანერგვაზე, რომელიც მოქალაქეს ინფიცირებულთან სიახლოვისას გააფრთხილებს

კეთილი ნება, გუგლი და სტატისტიკა

რადიო თავისუფლება საინფორმაციო ტექნოლოგიების რამდენიმე სპეციალისტს ესაუბრა, რომელთაც ვკითხეთ, თუ რა პრინციპით მუშაობს მსგავსი პროგრამები მსოფლიოში.

მათ განგვიმარტეს, რომ ამ ტიპის აპლიკაციების მუშაობის პრინციპი, როგორც წესი, ეყრდნობა ადამიანების კეთილ ნებას.

მარტივად რომ ვთქვათ, აპლიკაციას უნდა მისცე უფლება, შეინახოს შენი გადაადგილების ინფორმაცია დროსა და სივრცეში და თუ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს ვირუსი აღმოგაჩნდება, ყველა შენი მონაცემი, რომელიც შენივე კეთილი ნებით გაეცი, პირობითად, გააწითლებს იმ ადგილებს, რომელიც პოტენციურად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს.

თუ ასეთი კერა ერთ კონკრეტულ უბანში დაფიქსირდა არაერთი, უკვე ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ადგილს ხალხი უნდა მოერიდოს.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი გიორგი მაჩიტიძე გვიხსნის, რომ ამ აპლიკაციით, რეალურად, გვეცოდინება, როგორ მოძრაობს მოსახლეობა. არ არის აუცილებელი ხდებოდეს პიროვნების იდენტიფიცირება მისი მეილით ან ტელეფონის ნომრით თუ სახელით და გვარით. მთავარია, ცნობილი იყოს, ვინ არის ვირუსით ინფიცირებული და ვინ მოძრაობს მის გარშემო. დისკომფორტი შესაძლოა უკავშირდებოდეს სწორედ ამას. თუმცა სხვაგვარად ეს აპლიკაცია უბრალოდ ვერ იმუშავებს.

„აუცილებელი არ არის, თქვენმა ტელეფონმა გადასცეს ადგილმდებარეობა, საკმარისია თქვენ იცოდეთ ინფიცირებულის ადგილსამყოფელი, რომ ერიდოთ მას. ცხადია, როგორ იმუშავებს ეს აპლიკაცია საქართველოში, დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ დაიწერება ის. შეიძლება პირმა, ვისაც ეს აპლიკაცია ექნება, მოითხოვოს, მაგალითად, ინფორმაცია, საბურთალოს ტერიტორიაზე თუ არიან სადმე ინფიცირებული პირები და ასე გაარკვიოს, თვითონ რამდენად ახლოს არის მათთან“.

ფერადი QR კოდები, "კორონას ხმა" და სხვა

მოსახლეობის კონტროლი მობილური აპლიკაციებით, დრონებით თუ სხვა საშუალებებით ჩინეთში ეპიდემიის აფეთქებისთანავე დაიწყო. დასავლური პრესა წერდა, რომ ჩინეთმა გააგრძელა ის, რასაც ადრეც ისედაც აკეთებდა - ხალხის კონტროლი.

ეპიდემიის პირობებში ჩინეთში იყენებენ ფერად ე.წ. QR კოდებსაც - მაგალითად,

  • მწვანე კოდის მქონე პირებს უფლება აქვთ, თავისუფლად იმოგზაურონ.
  • ყვითელი კოდი მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი სახლის იზოლაციაში უნდა იყოს, ხოლო
  • წითელი კოდი ამბობს, რომ მომხმარებელი COVID-19-იანი პაციენტია და ის კარანტინში უნდა იყოს.

ჩინეთის შემდეგ მალევე, ციფრული გზით მეთვალყურეობა სამხრეთ კორეასა და სინგაპურშიც დაიწყო. პროცესი იქ უფრო გამჭვირვალე იყო, თუმც სავალდებულო.

შემდეგ იყო ისრაელიც - გასულ კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირდაპირ განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველა გზა უნდა გამოვიყენოთო.

ისრაელში, მაგალითისთვის, ორი მობილური აპლიკაცია აამუშავეს. ერთი, რომელიც გიჩვენებს, რომ ხართ ან ყოფილხართ COVID-19-ით დაავადებული ადამიანის მახლობლად და მეორე, რომელიც თქვენი ხმის მეშვეობით ამოიცნობს, გაქვთ თუ არა დაავადება.

აპლიკაცია, რომლის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-ს ან App Store-ის მეშვეობით, ადგილმდებარეობის ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებლებს აცნობებს ნებისმიერი წერტილის შესახებ, სადაც გამოვლინდა COVID-19-ით დაავადების შემთხვევა.

ეს აპლიკაცია უკვე მილიონობით ადამიანმა გადმოიწერა.

იღბლიანი პირები იღებენ შეტყობინებებს, სადაც ნათქვამია, რომ „კოროვირუსული პაციენტები მის ახლოს არ არიან აღმოჩენილი“.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო თავიდან აქვეყნებდა ინფორმაციას იმ ადგილების შესახებ, სადაც კოვიდ-19-ით დაინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ, მაგრამ შიდა გავრცელების და, შესაბამისად, დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის შემდეგ, ეს შეუძლებელი გახდა.

ციფრული თვალყურის დევნება გულისხმობს იმას, რომ აპლიკაცია იყენებს მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობის მონაცემებს, საკრედიტო ბარათით გადახდის მონაცემებსა და სხვა ციფრულ ინფორმაციას.

რაც შეეხება მეორე აპლიკაციას, რომელსაც „კორონავირუსის ხმაც“ უწოდეს და რომელ სტარტაპსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ დაუჭირა მხარი, გულისხმობს იმას, რომ გროვდება ვირუსის მატარებლების ხმის სინჯები დაავადების სხვადასხვა ეტაპზე, ასევე არაინფიცირებული ადამიანების ხმის სინჯებიც, რის შედეგადაც იქმნება სპეციალური ალგორითმი, რითიც ხდება კოვიდპაციენტის გამოვლენა.

სინგაპურში აამუშავეს აპლიკაცია სახელწოდებით „TraceTogether“, როგორც ასევე ერთ-ერთი საშუალება ვირუსის თვალყურის სადევნებლად.

თუ მომხმარებელს აქვს დიაგნოზი COVID-19, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, მათ შეუძლიათ სინგაპურის ჯანდაცვის ორგანოებს მისცენ თავიანთი აპლიკაციის მონაცემებზე წვდომა, რათა დაინახონ, ვინ შეიძლება იყოს კიდევ ინფიცირებული.

ამ საკითხმა მაშინვე გააჩინა კითხვები პერსონალურ მონაცემებზე წვდომის საფრთხეებზე, იმაზე, თუ რამდენად იქნება დაცული კონფიდენციალობა და ა.შ. სინგაპურის მთავრობას მოუწია ახსნა, რომ აპლიკაციას არა აქვს წვდომა, მაგალითად, სატელეფონო სიაზე, სახელსა და გვარზე ან სხვა პირად მონაცემებზე.

თუმცა ისიც იყო ნათქვამი, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ საქმე კორონავირუსთან დაკავშირებულ რისკებს შეეხება, ხელისუფლებას შეუძლია ამ მონაცემების გაშიფვრა.

ერთ დღეში ეს აპლიკაცია სინგაპურში 500 000-მა ადამიანმა გადმოწერა.

სინგაპურის აპლიკაციის მსგავსი აპლიკაციის დანერგვას გეგმავს გერმანიაც, მიუხედავად იმისა, რომ თავად გერმანელები დიდი ეჭვით უყურებენ ციფრულ თვალყურის დევნებას და თავიანთი პირადი მობილური ტელეფონების მონაცემების გამოყენებას, რადგან ეს იკრძალება როგორც ეროვნული, ისე ევროკავშირის კანონმდებლობით.

ცნობილი ხდება ასევე, რომ მალე მოსკოვში მოსახლეობას პოლიცია მოსთხოვს ე.წ. QR კოდის წარდგენას, იმის დასტურად, რომ მათ აქვთ გარეთ გასვლის ნებართვა. რუსეთმა გადაწყვიტა, ასევე აამუშაოს აპლიკაცია, რომლითაც გააკონტროლებს კორონავირუსის მატარებელი ადამიანების გადაადგილებას.

ეს აპლიკაცია აკონტროლებს მომხმარებლის ზარებს, ადგილმდებარეობას, ტელეფონის კამერას, ქსელის ინფორმაციას და სხვა მონაცემებს.

გამაფრთხილებელი აპლიკაციით მეთვალყურეობის გზას ირჩევს ბრიტანეთის მთავრობაც ახალი კონტაქტის დამდგენი პროგრამის გამოყენებით, რომელიც აფრთხილებს ხალხს, როდესაც ისინი ახლოს არიან ინფიცირებულ პირთან.

ბრიტანეთშიც გამოთქვამენ წუხილს, რომ ეს, გარკვეულწილად, იმოქმედებს პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობაზე, თუმცა ამ ეტაპზე მაინც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ეს გზაც უნდა გამოიყენონ.

გამაფრთხილებელი მობილური აპლიკაციის ამოქმედების შემდეგ, რამდენად იქნება დაცული პერსონალური მონაცემები საქართველოში და კონკრეტულად, რაზე ექნება წვდომა მთავრობას? ამ საკითხით უკვე დაინტერესდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც (IDFI), თუმცა ჯერჯერობით შეფასებებისგან ისინიც თავს იკავებენ, მანამ, სანამ აპლიკაციის შესახებ მეტი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი.

ბოლო მონაცემებით, ციფრული თვალყურის დევნების აპლიკაციები ამუშავდა ან უახლოეს ხანში ამუშავდება:

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში, ბულგარეთში, პაკისტანში, რუსეთში, სინგაპურში, ინდოეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ჰონგკონგში, იტალიაში, ისრაელში, ეკვადორში, გერმანიაში, ავსტრიაში, სამხრეთ კორეაში, ბელგიაში, ირანში, ტაივანში.