საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, არ არსებობს დეპუტატ ენზელ მკოიანის დაკავების, მის მიმართ რაიმე ტიპის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, ან დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ირაკლი კობახიძის თანახმად, არსებობს ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ენზელ მკოიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან პირველს არ უსვრია და მისი მხრიდან საპასუხო გასროლა თავდაცვის მიზნით განხორციელდა:
„ამ ვიდეოკადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის ენზელ მკოიანის, სახელმწიფო თანამდებობის პირის, საქარველოს პარლამენტის წევრის მისამართით. და ამაზე პასუხობს ენზელ მკოიანი თავდაცვის მიზნით. ეს არის ის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეოკადრებიდან. დანარჩენი არის გამოძიების საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი შეფასებით, არის დანაშაულის ნიშნები, რაც პროკურატურის ჩართულობით სასამართლომ უნდა დაადგინოს.
შეიარაღებული დაპირისპირება "ქართული ოცნების" დეპუტატ ენზელ მკოიანსა და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერ, სამველ პეტროსიანს შორის ახალქალაქში 26 მარტს მოხდა. დაკავებულია 2 პირი, მათ შორის სამველ პეტროსიანი. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.