საჭიროა თუ არა პირბადეები? - მსოფლიო კი-სკენ იხრება

რამდენად საჭიროა ქუჩაში და მაღაზიებში სამედიცინო პირბადეების ტარება და შეიძლება თუ არა ამან ოდნავ მაინც შეაფერხოს ავადმყოფობის გავრცელება? დებატები ამ საკითხის გარშემო ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად გამწვავდა.

ჯანმრთელი ადამიანების მიერ პირბადეების ტარებას მომხრეები და მოწინააღმდგეები სამეცნიერო წრეებშიც ყავს და ჯანდაცვის სფეროების მესვეურებშიც. აქამდე ითვლებოდა, პირბადეებს საჭიროდ უფრო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიიჩნევდნენ, დასავლეთი კი მათ ტარებას მხოლოდ დაავადებულებს და ავადმყოფთა მომვლელებს ურჩევდა. თუმცა, ბოლო დროს დაყოფა ასეთი მკვეთრი აღარ არის და „მოწინააღმდეგეთა“ ნაწილიც ნელ-ნელა „მომხრეების ბანაკში“ გადმოდის.

პირბადის ტარების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

“თუ ჯანმრთელი ხარ, პირბადის ტარება მხოლოდ მაშინ არის საჭირო, თუ COVID-19-ით დაავადებულს უვლი“ - ასეთია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაცია.

იმავეს ამბობს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრების საიტიც - რომ ჩვეულებრივ ვითარებაში, გარეთ ყოფნისას რესპირატორი საჭირო არ არის.

მეტიც, აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მესვეური, ჯერომ ადამსი რამდენიმე კვირის წინ „ტვიტერზე“ ამერიკელებს პირდაპირ მოუწოდებდა, არ ეყიდათ პირბადეები, რადგან ფართო საზოგადოებას კორონავირუსისგან ის ვერ დაიცავს და, თუ სულ გაიყიდა, ჯანდაცვის თანამშრომლებს აღარ ეყოფათო.


მათი არგუმენტები ძირითადად სამ პუნქტად შეიძლება დავყოთ:

  1. პირბადეების დიდი ნაწილი არაეფექტიანია ავადმყოფობის გავრცელებასთან ბრძოლაში. ადამიანს უსაფრთხოების ყალბი გრძნობა უჩნდება, ჰგონია, რომ დაცულია. და ყურადღებას ადუნებს.
  2. ადამიანების უმეტესობა პირბადეებს არასწორად იყენებს და ამან შეიძლება უკუეფექტი მოგვცეს - მაგალითად, როდესაც ვინმე ცუდად გაკეთებული პირბადის გასწორებას შეეცდება და სახეს შეეხება.
  3. თუ ყველა პირბადეების ყიდვას დაიწყებს, ავადმყოფებს და სამედიცინო პერსონალს, ვისაც ისინი ყველაზე უფრო სჭირდება, აღარ შეხვდება.

პირბადის ტარების მომხრეთა არგუმენტები

აღმოსავლეთის ქვეყნების ნაწილი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ პირბადეების ტარებაზე უარის თქმა არასწორია. მაგალითად, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრების ხელმძღვანელმა, ჯორჯ გაომ თქვა აშშ-ისა და ევროპის დიდ შეცდომაა, რომ იქ პირბადეებს არ ატარებენო. „ბევრი ადამიანს სიმპტომები არა აქვს. პირბადეებს შეუძლიათ წვეთების შეკავება და, შესაბამისად, სხვების ინფიცირებისგან დაცვაო“.

მომხრეების არგუმენტებიდან შეიძლება ოთხი პუნქტის გამოყოფა.

  1. ცუდი დაცვა სჯობს არანაირ დაცვას.
  2. პირბადე ვისაც უკეთია სახეს ნაკლებად ეხება.
  3. შეიძლება ავად იყო და თავადაც არ იცოდე.
  4. როდესაც პირბადეები მხოლოდ ავადმყოფებს უკეთიათ, ეს მათ სტიგმატიზებას უწყობს ხელს. ამიტომ, სჯობს ყველას ეკეთოს.

როგორია საბოლოო ვერდიქტი?

„მოწინააღმდეგეთა“ ერთ-ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ დასავლეთის საზოგადოება არ არის პირბადის ტარებას მიჩვეული და რთული იქნებოდა მათთვის ამის იძულება. თუმცა, ჩეხეთის მაგალითმა აჩვენა, რომ ამის გაკეთება საკმაოდ იოლია. ჩეხეთმა პირბადის ტარება სავალდებულო გახადა და, შესაბამისად სახედაფარულთა მაჩვენებელი ერთ დღეში ნულიდან თითქმის 100 პროცენტამდე გაიზარდა.

პრაღა სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს მათი გამოცდილების გაზიარებისკენ. ჩეხებმა ინგლისურად ვიდეოც ჩაწერეს, სადაც ყველას თხოვდნენ, პირბადე გაიკეთეთო. სამ დღეში მიმართვამ ოთხ მილიონამდე ნახვა დააგროვა „იუტუბზე“. ჩეხეთის პრემიერმა ეს ვიდეო პირადად გაუზიარა დონალდ ტრამპს ტვიტერზე და შემდეგ სხვა ქვეყნის ლიდერებსაც გაუგზავნა.

ჩეხეთის შემდეგ სლოვაკეთმა და ბოსნიამაც მოსთხოვა მოქალაქეებს ქუჩაში პირბადის ტარება. ავსტრიაში კი ის სავალდებულოა სურსათის მაღაზიებში შესვლისას.

აშშ-ის დამოკიდებულებაც, როგორც ჩანს, იცვლება. ჯერომ ადამსმა, რომელიც ერთი თვის წინ ამერიკელებს მოუწოდებდა, პირბადეებს ნუ იყიდითო, 2 აპრილს ამერიკულ CDC-ს მიმართა და სთხოვა დაადგინოს, შეუძლია თუ არა პირბადეს კორონავირუსის გავრცელება შეაფერხოს.

1 აპრილის ცნობებით კი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ანტონი ფაუჩიც „ძალიან ახლოს არიან“, რომ ამერიკაში პირბადის საყოველთაო ტარების რეკომენდაცია გასცენ.