რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში მოექცნენ

რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში მას შემდეგ აღმოჩნენ, რაც საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას, კორონავირუსი COVID -19 დაუდასტურდა. ინფიცირებული ეროვნული ბანკის თანაშრომელია.

საკრებულოს წევრს ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მისი ანალიზის პასუხებს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დავით იშხნელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას თვითიზოლაციის აუცილებლობის შესახებ ტელეფონით შეატყობინეს.

„ახლა მთელი ოჯახი თვითიზოლაციიაში ვართ. საკრებულოს ბოლო სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში 27 მარტს ჩატარდა, დადგენილ დისტანციას ვიცავდით. მაშინ საკრებულოს აღნიშნულ წევრს, სიცხე არ აღენიშნებოდა“, - თქვა დავით იშხნელმა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პაპუნა ბახტაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკრებულოს წევრის დედას 1 აპრილს დაუდგინდა ინფექცია.1 დღით ადრე, 31 მარტს, ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო დამხრების ბრიგადამ მიიყანა, ქალს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

„ეჭვი გაგვიჩნდა კორონავირუსზე. 1 აპრილს 12 საათისთვის ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ჩამოვიდნენ, აუღეს ნაცხი და 4 საათში კორონავირუსი დაუდასტურდა“,-თქვა პაპუნა ბახტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტემპერატურა აქვს მომატებული ინციფირებული ქალის შვილს და ლაბორატორიიურ დასკვნას ელოდებიან.

როგორც რუსთავის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნანა შატბერაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას მას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სამსახურიდან შეატყობინეს, რომ კოლეგის ანალიზის პასუხს, დღეს საღამოს ელოდებიან. მანამდე კი საკრებულოს თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ჩატარებული კვლევების შედეგად ახალი კორონავირუსი მის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.

2 აპრილის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.