ახალი ალგორითმი: ვის (არ) ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე​

შენიშნვა: მასალა განახლდა ჯანდაცვის სამინისტროს გამოქვეყნებული დოკუმენტის შესაბამისად 2020 წლის 9 აპრილს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ახალი ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვის და რა მეთოდით ჩაუტარდება ტესტირება ახალ კორონავირუსზე. პაციენტთა ოთხი ჯგუფი, რომლებიც COVID-19-ზე შემოწმდებიან:

ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები

  • ყველა, ვინც COVID-19-ის შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს - აღენიშნებათ ახლად აღმოცენებული ცხელება, ან სასუნთქი სისტემის სიმპტომები (მაგ., ხველა, ქოშინი); ქვედა სასუნთქი გზების მძიმე დაავადება, რომლის მიზეზი გაურკვეველია. დამატებით, ცხოვრობდნენ ან მოგზაურობდნენ გასული 14 დღის განმავლობაში იმ ადგილებში ახალი კორონავირუსის ინფექციის შიდა გავრცელებაა აღწერილი; ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი გასული 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან.
  • საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები უცნობი წარმომავლობის პნევმონიის დიაგნოზით;
  • ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19-ის სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება.

ამ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. ცხელების კლინიკებში ლაბორატორიული PCR მეთოდით. თუ ასეთი შესაძლებლობა კლინიკას არ აქვს, ტესტირება ჩატარდება სწრაფი მარტივი მეთოდით ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით და საჭიროების შემთხვევაში, გაიგზავნება ლაბორატორიაში PCR მეთოდით კვლევისათვის.

მაღალი რისკის კონტიგენტი სპეციფიური სიმპტომებით

  • დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში არიან და 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-ის სიმპტომები (მაგ., ხველა, ქოშინი);
  • სიმპტომური პაციენტები, მაღალი რისკის ზონებიდან, როგორიცაა ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთი კორეა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, საფრანგეთი;
  • პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან.

ამ ჯგუფს ჩაუტარდებათ ტესტი PCR მეთოდით.

ორგანიზებული ჯგუფები, თავშეყრის ადგილები

  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
  • ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები;
  • თავდაცვის ძალები;
  • სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები;
  • საეკლესიო პირები, მონასტრები.

უსიმპტომოები შემოწმდებიან ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი.

უსიმპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში და მედპერსონალი

პაციენტების მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკებში უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე.

დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი თვითიზოლაციაში მოთავსდება.

ახალი ალგორითმი თითოეული ადამიანის ტესტირებას არ ითვალისწინებს.