მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3- ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.
„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.
31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 91.