დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ გალელი პაციენტის ტესტირების საბოლოო შედეგს ელოდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ დადგენილია ყველა პირი, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა COVID-19-ით დაავადებულ, გალის რაიონში მცხოვრებ ქალს.

კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გალის რაიონის მცხოვრები 29 მარტს დილით, ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავით, რეისით U6 407 მოსკოვიდან ჩავიდა სოჭში და ფსოუს გამშვები პუნქტიდან გაემგზავრა გალის რაიონის სოფელ საბერიოში.

შტაბის მტკიცებით, დადგენილია ქალის ხანგრძლივი და მოკლევადიანი შეჩერების ყველა ადგილი - ნათესვების სახლი და მაღაზიები და პირთა წრე, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ყველა ეს პირი იზოლაციაშია, დეზინფექცია ჩატარდა ფსოუს და საბერიოს გამშვებ პუნქტებზე და დაიკეტა საბერიოდან გალისკენ მიმავალი გზა.

შტაბის განცხადებით, რომელსაც სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს, 30 მარტს, 20:30 საათისთვის მიიღეს ინფორმაცია, რომ გალის რაიონის მცხოვრების წინასწარი დიაგნოზი კორონავირუსია. ინფორმაციის წყარო მითითებული არ არის.

ამასთან, ე.წ. შტაბმა წინა დღის, 30 მარტისგან განსხვავებით, დღეს, 31 მარტს დაადასტურა, რომ გალის რაიონის მცხოვრებმა ქალმა ე.წ. გამშვები პუნქტი გადაკვეთა სოფელ საბერიოსთან და ზუგდიდში გაემგზავრა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი შტაბი იმასაც აცხადებს, რომ ამ პაციენტის ტესტირების საბოლოო შედეგს ელოდება და მას ოფიციალური რესურსებით გაავრცელებს. ვისგან ელოდებიან საბოლოო შედეგს, მითითებული არც ეს არის. ე.წ. ოპერატიული შტაბის განცხადებიდან არ ჩანს, აუღეს თუ არა სინჯი პაციენტს ზუგდიდში გამგზავრებამდე და სად უნდა ჩატარდეს საბოლოო ტესტირება. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დღემდე გავრცელებული ცნობებით, აფხაზეთმა ტესტირების საშუალებები რუსეთიდან მიიღო.

დე ფაქტო მთავრობა მიმართავს ყველა მგზავრსაც, ვინც მოსკოვიდან სოჭში იმავე რეისით იმგზავრა, თვითიზოლაციაში იყვნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნებული ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმავე ღამით გადაიყვანეს. 30 მარტს, თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ პაციენტს COVID-19 აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.