COVID-19-ით დაავადებული გალელი პაციენტის საერთო მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ გალელ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსით COVID-19-ით დაავადება 30 მარტს დაუდასტურდა, შესაბამის კვლევებს და მკურნალობას უტარებენ.

საავადმყოფოს ექიმის, ლალი დარახველიძის ინფორმაციით, პაციენტს აქვს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა, თუმცა, მისი საერთო მდგომარეობა სტაბილურია. დამატებითი გამოკვლევები დღის ბოლომდე დასრულდება.

გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნებული ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმავე ღამით გადაიყვანეს. თავდაპირველად დე ფაქტო ხელისუფლება ამ პაციენტისთვის ე.წ. საზღვრის გახსნას უარყოფდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქალს COVID-19 აღმოაჩნდა, გალის რაიონიდან ზუგდიდში მისი ტრანსპორტირება დაადასტურა. 30 მარტს ღამიდან, დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა გალიდან ოჩამჩირისკენ მიმავალი გზა.

უფრო ადრე, თებერვლის ბოლოდან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა შეზღუდა, 14 მარტს კი, საერთოდ დაკეტა.

ოკუპირებულ გალის რაიონში დარჩენილი ქართველები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იღებდნენ პენსიას, შემწეობის თანხას და სამედიცინო მომსახურებას და პროდუქტს და მედიკამენტებსაც ძირითადად, იქ ყიდულობდნენ.

30 მარტიდან ოჩამჩირის და შესაბამისად, აფხაზეთის სხვა რაიონებისკენ მიმავალი გზის დაკეტვით, გალის რაიონის მოსახლეობა სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.