საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში სწრაფი ტესტების გამოყენების დროც მოვა. მისი თქმით, არასწორია, როცა პოლიტიკური ჯგუფები მოსახლეობას პოპულისტურად არწმუნებენ იმაში, რომ სწრაფი ტესტირება მასობრივ ტესტირებას ნიშნავს:
"ზოგიერთი პოლიტიკოსი თქვენთან ერთად [ჟურნალისტს] აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას. ეს არის სიცრუე.
არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოჰყვება კონტროლის შემდგომი მექანიზმები, არ არსებობს.
და, შესაბამისად, სწრაფი ტესტები ჩვენს შემთხვევაში დღეს ყველაზე ეფექტური და ყველაზე საჭირო არის პირველ რიგში იმ სპეციალური სოციალური ჯგუფების კონტროლისთვის, რომლებიც წინა ხაზზე არიან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, სწრაფი ტესტები იქნება მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა დადგება.
„თუ ხვალ იქნება ამის აუცილებლობა, ეს სწრაფი ტესტები იქნება ხვალ. და თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს სწრაფი ტექსტები ქვეყანაში არ არის, ძალიან ცდებით“, - მიმართა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.
31 მარტის დილის 8 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება, - განაცხდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე აეკრძალებათ.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება.