31 მარტის დილის 8 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება, - განაცხდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე აეკრძალებათ.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება.
"დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი განთავსდება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი სიტყვებით, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით.