სახელმწიფო და ეკლესია - ვინ რისთვის ემზადება?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველო შევიდა ვირუსის უკონტროლო გავრცელების ფაზაში და, რომ უახლოესი ოთხი კვირა იქნება კრიტიკულად რთული საქართველოსათვის, რომლის მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობის წესების მკაცრი დაცვით თუ აიცილებს თავიდან ეპიდემიის აფეთქებას. უახლოეს ოთხ კვირაში (19 აპრილს) უწევს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიც, რისთვისაც საგულდაგულოდ ემზადება როგორც საქართველოს საპატრიარქო, ასევე საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე.

„საქართველოს ეკლესია მაქსიმალურად იცავს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ყველა რეკომენდაციას და აგრძელებს ეკლესია-მონასტრების დეზინფექციას, რადიოფიცირებას და მორწმუნეების სოციალური დისტანციის დასაცავად საჭირო ნიშნულების გამოყოფა-მონიშვნას“, - ამ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საპატრიარქოს უწყებანის“ ფეისბუკგვერდი.

ტექსტს დართული აქვს ფოტომასალა იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იცავენ სასულიერო პირები და ეკლესიაში მისული მოქალაქეები ე.წ. სოციალური დისტანცირების მანძილს.

თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი

თუმცა, დისტანცირების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილება №181 („საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“), სხვა სახის შეზღუდვასაც უწესებს საჯარო სივრცეში შეკრების მსურველებს. დადგენილების მე-5 მუხლით, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით.

„ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. ასევე იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები)“, - ვკითხულობთ დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით; ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

საკულტო შენობებზე - ეკლესიებზე, მეჩეთებზე, სინაგოგებზე და ა.შ. მთავრობის დადგენილებაში არაფერია ნათქვამი.

ასევე ნახეთ დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მორწმუნისათვის ლოცვა, მარხვა და კეთილი საქმის აღსრულება სახლშიც შესაძლებელია და უდაბნოშიც

რადიო თავისუფლება კომენტარისათვის დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესსამსახურს, რათა გაერკვია, ხომ არ ირღვევა საგანგებო მდგომარეობის წესები ეკლესიებში ათზე ბევრად მეტი ადამიანის შეკრებით და ხომ არ აპირებს შს სამინისტრო მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას - დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლის განახორციელებას, თუმცა შს სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

„როგორც ჩანს, ვერავინ ბედავს შეეწინააღმდეგოს ეკლესიას. გაკეთდა მხოლოდ ზოგადი, ცალკეული განცხადებები პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ, აშკარაა, რომ მკაცრი სანქციების გამოყენება ან მსგავსი ღონისძიებების გატარება არავის უნდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხეილ ბენიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა.

მიხეილ ბენიძე

რელიგიური რიტუალების შესრულების მიზნით ეკლესიებში ადამიანების თავშეყრა რომ ეწინააღმდეგება საგანგებო მდგომარეობის წესებს და მნიშვნელოვნად ზრდის ეპიდემიური აფეთქების რისკს, ამაზე ცხადი მინიშნებებით ილაპარაკა 28 მარტს ამირან გამყრელიძემ - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსალოდნელი ხალხმრავალი შეკრებების გამო.

„მომავალი ერთი თვე, ოთხი კვირა, ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და აუცილებლად უნდა მივყვეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. თუ არადა, ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა, რომ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია დაიწყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველას, დაიცვან ის რეჟიმი, რასაც მოითხოვს სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო:

„ეს მარტივია: სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლაში. უნდა გავიჭირვოთ სულ მინიმუმ ორი თვე მაინც, დავრჩეთ სახლებში“.

ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით კრიტიკულ პერიოდს ემთხვევა აღდგომის დღესასწაული, რომელიც წელს 19 აპრილს უწევს. გაჭრის თუ არა ამირან გამყრელიძის თხოვნა-შეგონება, ძნელი სათქმელია, თუმცა , როგორც ჩანს, ხელისუფლებას სხვა იარაღი და საშუალება არც აქვს.