მთავრობისა და „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლობით საქართველოში ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, - იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია. შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო.
მთავრობის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენსია განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.
პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებგვერდი www.myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208.
საქართველოს მთავრობა მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, რამდენადაც პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ პენსიის თანხის ნაღდი ფულის სახით მიღების სურვილი აქვთ, რიგში დგომისას აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი“ ბანკმა, საკუთარი ინიციატივითა და რესურსით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის პენსიის წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო.