რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულებას.
„განკარგულების“ თანახმად, კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების აღსაკვეთად და მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება 28 მარტიდან 20 აპრილამდე.
ბგანბას მიერ გამოცემულ „განკარგულებას“ მხარი დაუჭირა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა. მისმა „სპიკერმა“ ვალერი ქვარჩიამ სოხუმში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოცხადდება კომენდანტის საათიც და შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დღემდე აფხაზეთში COVID 19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, რის საფუძველზე ამბობენ ამას, გაურკვეველია, რადგან, მათივე ცნობით, ვირუსის დასადგენად საჭირო 400 ტესტი რუსეთისგან მხოლოდ ახლახან მიიღეს.