საზღვრებჩაკეტილ მარნეულსა და ბოლნისში ქუჩებს სადეზინფექციო ხსნარით ასუფთავებენ. სოფლებში დადის მანქანები ხმოვანი გამაფრთხილებლებით - მოსახლეობას რამდენიმე ენაზე აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის საფრთხის შესახებ. სოციალურად დაუცველებს საკვები პროდუქტები დაურიგდათ. აფთიაქებში, აქაც, სხვა ქალაქების მსგავსად, ნიღბების და სპირტის დეფიციტია. ზოგიერთ სოფელში მოხალისეებმა თავად დაიწყეს პირბადეების კერვა. მაღაზიების ვიტრინებზე კორონავირუსისგან თავდასაცავად გამაფრთხილებელი პლაკატები მიაკრეს. ოჯახებს სამედიცნო ბრიგადები ამოწმებენ.
კარანტინი გრძელდება.
არ დამალოთ პრობლემა! დარჩით სახლში
არამ აკოპიანი მარნეულის რაიონის სოფელ წითელსოფელში ცხოვრობს. ის ახალგაზრდულ ცენტრს უდგას სათავეში და კარანტინის გამოცხადების შემდეგ თავად ცდილობს ადგილობრივების ინფორმირებას.
სოფლის მაღაზიის ვიტრინებს პლაკატები მიაკრეს შინაარსით - დარჩი სახლში, ნუ დამალავთ პრობლემას. სოფელში კი პირბადეების კერვა დაიწყეს - რაზეც ქსოვილი ეყოთ, შეკერეს და ნაწილი უკვე დაარიგეს.
Your browser doesn’t support HTML5
წითელსოფელში ელიან, რომ ექიმების ბრიგადა მათთანაც მალე მივა და ხალხის ჯანმრთელობას შეამოწმებს. არამი მოგვითხრობს, რომ კარანტინის პირველი დღისგან განსხვავებით, დღეს ხალხს მეტი ინფორმაცია აქვს და ყველა ცდილობს წესი დაიცვას.
„სახლებში არიან. ვისაც პირბადე აქვს, უკეთია როცა გარეთ გამოდის აუციელებელი საჭიროების დროს. ახლა მინდა, რომ პირბადეების მასალა კიდევ ვიშოვო, რომ აქ ქალებს შევაკერინოთ და დავარიგოთ. მაღაზიებში ყველაფერია ჯერჯერობით, ერთადერთი, პირბადეზე ამბობენ, რომ ხვალ იქნება. მერე მიდიხარ და აღარ არის, რადგან ხალხი ყიდულობს“ - მოგვითხრობს არან აკოპიანი.
ქართული ენის მასწავლებელი ზვიად ფიფია, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, ცდილობს თავის მოსწავლეებს, ვისაც კომპიუტერი და ინტერნეტი აქვს, "ვოთს აპით" დაუკავშირდეს და დავალება ამ გზით მაინც მიაწოდოს, რომ ძალიან არ მოწყდნენ ენის სწავლების პროცესს. სოფლებში ინტერნეტი ყველას არა აქვს. არც კომპიუტერი.
ეს ხედია ზვიად ფიფიას სახლიდან.
დღეში ერთხელ მაღაზიაში ან აფთიაქში გადის - საჭიროების მიხედვით. ყველაზე უჩვეულო მისთვის მაინც ის სიჩუმეა, რომელიც იმ ქუჩაზე დგას, სადაც ხალხი გვიან საღამომდე სეირნობდა ხოლმე.
Your browser doesn’t support HTML5
„სხვა მხრივ, მშვიდობაა. პროდუქტების დეფიციტი არ არის. მხოლოდ პირბადეების ნაკლებობაა. ალბათ ისე,როგორც ყველგან. მე რაც ყველზე მეტად მაწუხებს ამ თვითიზოლაციის დროს, ის სიძულვილით სავსე კომენტარებია, რაც აზერბაიანელი ხალხის მიმართ იწერება. არადა მე სწორედ ამ ხალხის სიყვარულის გამო წამოვედი აქ საცხოვრებლად“.
Your browser doesn’t support HTML5
კარანტინის მეოთხე დღის, 26 მარტის მონაცემებით, ექიმების ბრიგადებმა უკვე შეამოწმეს 3 481 ოჯახი, სულ - 15 415 მოქალაქე. ამ მონაცემს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი ავრცელებს.
მარნეულის ტელევიზიამ გაავრცელა კადრები როგორ ურიგებენ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას საკვებს.
Your browser doesn’t support HTML5
ეს კი მარნეულის ერთ-ერთი სუპერმარკეტია.
Your browser doesn’t support HTML5
ადგილობრივების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ ბოლნისშიც. ამ ფოტოს ბოლნისის გამგეობა ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ მიდიან ექიმები ერთ-ერთ ოჯახში.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 79 ადამიანს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ფართო შიდა გავრცელების ეტაპზე ქვეყანა არ გადასულა.