თავდაცვის სამინისტრო: დღეიდან ჯარისკაცების მდგომარეობაზე ინფორმაციას მხოლოდ ჩვენ გავავრცელებთ

დღეიდან ჯარისკაცების კორონავირუსის სავარაუდო ინფიცირების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს. ასე გამოეხმაურა უწყება ხუთი სამხედროს სავარაუდო ინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

"ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტურ საქმიანობას. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი", - აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

5 სამხედრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს. როგორც ექიმმა თქვა, ბოლო მონაცემებით, მათგან მხოლოდ ერთს აქვს პნევმონია. მათ კორონავირუსზე ტესტირება ჯერ არ ჩატარებიათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 346 ადამიანი, სტაციონარში კი 247.