ესპანეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთისას გადააჭარბა

უკანასკნელ დღე-ღამეში ესპანეთში 738 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კორონავირუსს და ქვეყანამ გარდაცვლილთა რიცხვით გაუსწრო ჩინეთს, საიდანაც გავრცელდა მსოფლიოში სასიკვდილო ვირუსი.

3434 გარდაცვლილით ესპანეთი ახლა ჩამორჩება მხოლოდ იტალიას, სადაც COVID-19-ით გარდაიცვალა 6820 ადამიანი. მადრიდის საციგურაო დარბაზი სახელდახელო მორგად გადაკეთდა, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებებს რეზერვები არ ჰყოფნით.

ესპანეთის სამედიცინო პერსონალმა, რომელთა შორის ათასობით დაავადდა COVID-19-ით, სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. ისინი ჩივიან, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას აკლია საბაზისო დამცველი საშუალებები - პირბადეები, სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი და ხელთათმნები.

როგორც ესპანეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა მიგელ ვიაროიამ განაცხადა ოთხშაბათს, მადრიდმა ნატოს მიმართა თხოვნით, დაეხმაროს მას დამცავი აღჭურვილობით.

ესპანეთში მე-11 დღეა მოქმედებს 15-დღიანი საკარანტინო რეჟიმი, რომლის ვადა, როგორც ჩანს, შემდეგი 30 დღით გაგრძელდება.

ესპანეთის ჯანდაცვის სისტემის ცნობით, მოხერხდა სოციალური კონტაქტების თითქმის სრული შემცირება.

ესპანეთში ამ დროისთვის დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 47610 შემთხვევა.