„ნუ გვლანძღავთ! ვირუსს არა აქვს ეროვნება“: რა მოარჩენს სიძულვილით მიყენებულ ჭრილობებს?

„მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვიცი ქართული ენა. არ ვარღვევ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვრჩები სახლში!“, - ბოლო ორ დღეში ქართული ფეისბუკსივრცე ამ შინაარსის პოსტებით აჭრელდა.

საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები იძულებულები გახდნენ ასე გამკლავებოდნენ სიძულვილის ტალღას, რომელიც მათ მიმართ მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, შიდა გავრცელების საფრთხე შეიქმნა, ხოლო მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტის ზონად გამოცხადდა.

„ჩაცხრილეთ, დაწვით, ეგ გაუნათლებლები, ბინძურები, ცეცხლი წაუკიდეთ მარნეულს, მავთულხლართებში გაებმებიან და ისწავლიან ჭკუას, ეგ თათრები, დატოვონ საქართველო, ჩაყარონ ყველა ციხეში“, - ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმ კომენტარებისა, რასაც აზერბაიჯანელების მიმართ სოცქსელში წერდნენ და პასუხისმგებლობას მოითხოვდნენ არა კონკრეტული პირისგან, ვირუსის გავრცელებაში ადანაშაულებენ არა კონკრეტული ადამიანს, არამედ მთლიანად აზერბაიჯანულ თემს.

სიძულვილის ტალღა იმდენად მტკივნეული და რთულად მოსანელებელი აღმოჩნდა, თან კორონავირუსის გამო ისედაც გამძაფრებული შიშის და ჩაკეტილი ზონის პირობებში, რომ აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა წამოიწყეს ე.წ. ფეისბუკგამოწვევა ქართულ ენაზე. ამით ისინი მხარდაჭერას ითხოვენ და ყველას მოუწოდებენ სიძულვილისგან, ქსენოფობიური განწყობების გამოვლენის თავშეკავებისკენ.

„ერთი სიწმინდე არ დატოვეს. დაუგინებელი ადგილი არ დატოვეს. როგორ უნდა გაუძლოს ამას გულმა. მოვა ზაფხული. დამწიფდება ისევ პომიდორი. დამწიფდება ის თაობებიც, რომლებიც ერთმანეთს მიიღებს ყველანაირი განსხვავების გარეშე. გაივლის ეს კორონაც, მაგრამ ლამის ორი მესამედის მხრიდან სიძულვილით მიყენებული ჭრილის დავიწყება ძნელი იქნება“, - ეს სიტყვები ჰამიდ სადიკს ეკუთვნის, აზერბაიჯანელ მასწავლებელს.

მის მსგავსად საკუთარ გრძნობებზე ათობით აზერბაიჯანელი ახალგაზრდა წერს - ისინი, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება და ვინც სიძულვილით სავსე კომენტარებს საკუთარი თვალით კითხულობს.

ისინი არც იმას უარყოფენ, რომ ენის ბარიერის გამო, ხალხის უკეთ ინფორმირებაა საჭირო და საამისოდ თავადაც დაიწყეს საინფორმაციო ვიდეორგოლების ჩაწერა და გავრცელება.

„უმძიმეს მდგომარეობაში ვარ...ვცდილობთ შევცვალოთ ეს სიტუაცია ჩემს სამშობლოში, თავს ვიიმედებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მერე ეს მესიჯები მხვდება...სიცარიელეში ვარ. სიტყვები მავიწყდება. ვერც კი წარმოიდგენთ ეს ტკივილი როგორი ტკივილია, რა ფერია... მაგრამ მერე ნინოები, მარიტები, ლევანები , თამარები და სხვები მახსენდება, რომელიც მწერენ , "გიულგიუნ ყველაფერი კარგად იქნება, მიყვარხარ“ და ამის მერე ისევ თავიდან მჯერა“, - ამას წერს 21 წლის თექალოელი გოგო, გიულგუნ მამეთხანოვა, რომელზეც რადიო თავისუფლება ცოტა ხნის წინ გიყვებოდათ - როგორ ისწავლა ქართული ენა, როგორ ჩააბარა უნივერსიტეტში, როგორ ცდილობს შეცვალოს ვითარება კარგისკენ თავის სოფელში. და მისნაირი უკვე ძალიან ბევრი ახალგაზრდაა.

გიულგუნი თექალოდან

შენაი სადიკს არ უნდა რომ თავი იმართლოს იმისთვის, რაც არ დაუშავებია. „მრცხვენია, რომ ასეთმა ადამიანებმა გვაიძულეს ეს ჩელენჯი“, - წერს ის, - არ ვთვლი, რომ რამე მაქვს საბოდიშო! მინდა იცოდეს ყველამ რომ ეს ქვეყანა ძლიერია თავისი მრავალფეროვნებით და სამშობლოს სიყვარულს ვერაფერი ვერ დაგვაკლებს - გაუნათლებელი, შოვინისტი ადამიანების უხეში სიტყვები და კომენტარები. არ დავიწყოთ დაბალი დონის ხალხთან მტკიცება, რომ ჩვენც საქართველოს შვილები ვართ!

აზერბაიჯანელი ახალგაზრდების გამოწვევა ქართველებმაც აიტაცეს.

მათ არაერთმა ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა.

"ყველა ვიაზრებთ, რომ ამ სიმბოლური სოლიდარობის კამპანიის მიღმა, არსებობს ნამდვილი სამყარო რეალური, მძიმე ყოფით და მძიმე შრომით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ეწევიან. და არსებობს კიდევ უფრო ძვირფასი, ნამდვილი ურთიერთობები, სადაც ყველაზე კარგად, უსიტყვოდ გამოიცდება და დასტურება სოლიდარობა.

პირველ რიგში ჩემს თავს და შემდეგ ყველას, გისურვებთ მეტ ნამდვილ ურთიერთობას საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან და უსიტყვოდ დადასტურებულ ერთგულებას მათთან", - დაწერა სოფო ვერძეულმა.

„პრობლემა, სახელად კორონავირუსი გლობალურია და ამ გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიო დგას, იგი არ გამოყოფს ადამიანებს ეთნიკური ნიშნით“ - ეს სიტყვები კი მარნეულის მერს, ზაურ დარგალს ეკუთვნის.

„ჩვენ ყველას ერთი სამშობლო საქართველო გვაქვს, რომლის წინაშეც დიდი გამოწვევაა და ჩვენი ვალია ვიყოთ პროცესის მიმართ ადეკვატურები და მეტად მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. აქვე, ყველას ვთხოვ, დაუდგნენ სახელმწიფოს გვერდით, ისევე როგორც დღეს სახელმწიფო გვერდით უდგას მათ და ჩვენ ყველანი ერთად უფრო ადვილად დავამარცხებთ ამ პროლემას - დარჩით სახლში და გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია“, - წერს ზაურ დარგალი.

25 მარტს საგანგებო განცხადება გაავრცელა პლატფორმამ „არა-ფობიას!"

მათ მოუწოდეს მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას.

კითხვაც დაისვა - ის, რაც მარნეულში მოხდა, იმერეთში ან სხვა ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ რეგიონში რომ მომხდარიყო, მოჰყვებოდა თუ არა ამას მსგავსი გაღიზიანება?

თამთა მიქელაძე, რომელიც წლებია ეთნიკური უმცირესობების უფლებებს იცავს სწორედ ამას უსვამს ხაზს, რომ სწორედ კრიზისების დროს წარმოჩინდება ხოლმე ყველაზე მძიმედ პოლიტიკურ და სოციალურ სისტემაში არსებული ჩავარდნები და ის სირთულეებიც, რომელიც საზოგადოებაში წლების განმავლობაში დაგროვდა და არსად გამქრალა.

მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ვნახეთ არაერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი საქართველოს სხვა მოქალაქეების მხრიდან, როგორც კი ვირუსის გავრცელების პრობლემა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში გაჩნდა, რასიზმის ღრმა და სულისშემძვრელი პრობლემაც გამოჩნდა.

„ნაცვლად იმისა, რომ ამ რთულ გამოწვევას ჩვენ მზარდი სოლიდარობით და ჰუმანისტური მიდგომებით ვუპასუხოთ, ჩვენ ვაღრმავებთ იმ სოციალურ იერარქიებს, რომელსაც წლების განმავლობაში პოლიტიკური ელიტები ქმნიან. ჩვენს საზოგადოებაში 90-იანი წლების შემდეგ გავრცელებულია ეთნოცენტრისტული, ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეები, რომელიც პირველხარისხოვან მოქალაქეებად ქართველ მართლმადიდებლებს მონიშნავს და მათ უფრო მეტ უფლებას და ძალაუფლებას აძლევს და სხვა კულტურულ ჯგუფებს, არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობენ საქართველოში და ჩვენთან ერთად ქმნიდნენ საერთო წარსულს, ისტორიას, კულტურას, დოვლათს მუდმივად სხვებად, უცხოებად, საშიშებად ან ნაკლებად განვითარებულებად მოვნიშნავთ. სხვადასხვა კულტურული ჯგუფის მიმართ გარიყვის ნარატივი და მექანიზმი სხვადასხვაა. სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ვერ ახერხებს და არც ცდილობს შექმნას ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი, უფრო სამართლიანი და ინკლუზიური გაგება, რომელიც ამ წარმოდგენების ტრანსფორმაციას მოახდენს“. - ამბობს თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

თამთა მიქელაძე შენიშნავს, რომ დღეს, როცა ადგილობრივი აქტივისტები ცდილობენ ხმის დაბრუნებას, ცდილობენ, რომ აქამდე არაარსებული უფლებები მოიპოვონ, საქართველოს საზოგადოებაში არსებული განწყობა, რომელიც მკაფიოდ გამოჩნდა, ამ პროცესს მხოლოდ ხელს უშლის და ასუსტებს სამართლიანი, სოლიდარული საზოგადოების მშენებლობის იმედს.

სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიან ისინი, ვინც ქართულ ენაზე ეუბნებიან თანამოქალაქეებს:

#არადისკრიმინაციას,

#დარჩისახლში,

#მხოლოდსიყვარულიგადაგავარჩენს.