ავსტრალიიდან იაპონიამდე და დასავლეთ ევროპამდე, მიმდინარე თვეში ბიზნესის აქტივობა რეკორდული სისწრაფით ეცემა - კორონავირუსის პანდემიის შეკავებაზე მიმართული ზომები მძიმე დარტყმას აყენებს მსოფლიო ეკონომიკას.
„კორონავირუსის გავრცელება მძლავრი გარე შოკია მაკროპერსპექტივისთვის, მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფის მსგავსი“, - უთხრეს BlackRock Investment Institute-ის ანალიტიკოსებმა სააგენტო „როიტერსს“.
ევროს მომხმარებელ 19 ქვეყანაში აქტივობა მკვეთრად დაეცა, რადგან ვირუსის შესაჩერებლად ქვეყნებმა ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს რესტორნები, მაღაზიები, ოფისები.
ზოგიერთი შეფასებით, დარტყმა, რომელიც შესაძლოა კორონავირუსის პანდემიამ მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკას, იქნება კიდევ უფრო მძიმე, ვიდრე 2008 წელს შექმნილი კრიზისი. პანდემიისა და მასთან დაკავშირებული საკარანტინო ზომების შედეგები განსაკუთრებულ ზარალს მიაყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს - კაფეებს, მაღაზიებს, საოჯახო სასტუმროებს და სხვა დაწესებულებებს. საშუალო და მცირე ბიზნესი უკვე მთელ მსოფლიოში ჩივის შემოსავლების მკვეთრ დაცემაზე. კარანტინი თუ გაჭიანურდა, ბევრს გაკოტრების საფრთხე დაემუქრება.
მძიმე ეკონომიკური პროგნოზის გამო, ბევრი ქვეყანა იღებს ზომებს, რომლებიც ეკონომიკის, ბიზნესისა და შრომის ბაზრის მხარდაჭერაზეა მიმართული. ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობები რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერასაც გეგმავენ.
ჰონგ-კონგი და აშშ ფულს არიგებენ, შვედეთი ერთი წლით აუქმებს გადასახადებს
ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე გაბედულად, ალბათ, შვედეთი მოქმედებს. ამ ქვეყანაში ბიზნესს მისცეს საშუალება, ერთი წლის განმავლობაში არ გადაიხადოს გადასახადები, - წერს Financial Times-ი. შედეგად, ექსპერტების შეფასებით, შვედეთის სახელმწიფო ხაზინაში შესაძლოა არ შევიდეს 27,5 მილიარდი ევრო, თუმცა მთავრობამ ჩათვალა, რომ ბიზნესის გაკოტრებისგან გადარჩენის მცდელობა ღირს ამგვარ დანაკარგად.
ჰონგ-კონგის ხელისუფლება სხვა მიმართულებით წავიდა საიმისოდ, რომ კრიზისის პირობებში ეკონომიკის აქტივობას მისცეს ბიძგი. საუბარია ყველა მოქალაქისთვის 10-10 ათასი ჰონგკონგური დოლარის გამოყოფაზე. ეკონომისტებს, რომლებიც Financial Times-მა გამოკითხა, ეჭვი ეპარებათ ამ მეთოდის ეფექტიანობაში. ეჭვის საფუძველს მათ ის გარემოება აძლევთ, რომ მოსახლეობა იზოლირებულია და მაღალი მობილობით არ გამოირჩევა. შესაბამისად, მათ გაუჭირდებათ სახლიდან გასვლა და გამოყოფილი თანხის დახარჯვა.
ექსპერტთა ეჭვებისა და კრიტიკის მიუხედავად, ჰონგ-კონგის მეთოდების მსგავსი მიდგომის არჩევას აპირებს აშშ-ის მთავრობაც. იქ ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა მემორანდუმი, რომელშიც ლაპარაკია სახსრების გამოყოფაზე ფიზიკური პირებისთვის, ანუ გადასახადების გადამხდელებისთვის პირდაპირი დახმარების გასაცემად. ამ მიზნით დაგეგმილია 500 მილიარდ დოლარამდე თანხის დახარჯვა.
ვარაუდობენ, რომ თანხები ორ რაუნდად გაიცემა - მიმდინარე წლის 6 აპრილიდან და შემდეგ, 18 მაისიდან. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ასევე განიხილავს მცირე ბიზნესზე კრედიტების გაცემის დამატებით სქემას, რაც, მთლიანობაში, 300 მილიარდი დოლარი დაჯდება, და საავიაციო სფეროს მხარდაჭერას, რაზეც 50 მილიარდი დოლარი უნდა დაიხარჯოს.
გერმანია და საფრანგეთი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო მზად არის, ასობით მილიარდი ევრო დაახარჯოს ეროვნული ეკონომიკის ბევრ სფეროს - თვითდასაქმებული მოქალაქეებიდან დაწყებული, გერმანიის უმსხვილესი ეროვნული ბანკით, KfW-ით, დამთავრებული. მინისტრ ოლაფ შოლცის თქმით, ფრილანსერებისა და მიკროსაწარმოების მხარდასაჭერად გამოიყოფა 50 მილიარდამდე ევრო; ბანკი KfW, რომელიც 80 პროცენტით ფედერალურ მთავრობას ეკუთვნის, მიიღებს 400 მილიარდ ევროს. კიდევ 100 მილიარდამდე ევროს დახარჯვა იგეგმება იურიდიული პირების ფინანსური ვალდებულებების დასაფარად, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საფრანგეთი ემზადება დროებითი დახმარების დასანიშნად როგორც მოქალაქეებისთვის, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ, ისე საკუთრივ კომპანიებისთვის, რომლებიც პანდემიამ დააზარალა - საამისოდ 45 მილიარდი ევროა გამოყოფილი. გარდა ამისა, იურიდიულ პირებს მისცემენ გადასახადების გადავადების უფლებას. ეს ზომა, ექსპერტების შეფასებით, შეიძლება ძვირად დაუჯდეს საფრანგეთის ბიუჯეტს, რომლისთვისაც საგადასახადო შემოსავლები ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.
დარგობრივი მხარდაჭერა რუსეთში და „საგადასახადო არდადეგები“ უკრაინაში
რუსეთის ეკონომიკისთვის ზარალი მოაქვს არა მხოლოდ კორონავირუსის პანდემიას, არამედ ნავთობის ფასის დაცემასაც. ასეთ ფონზე, ეკონომიკის მხარდაჭერას რუსეთის ხელისუფლებაც გეგმავს. ოფიციალური პირები არ ასახელებენ ზარალის იმ მონაცემებს, რომლებიც კრიზისის შედეგად აღირიცხა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, თუმცა უკვე გამოცხადდა გარკვეული ზომები, რომელთა გატარებაც იგეგმება.
რუსეთის სახელმწიფო აპირებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ტურისტულ სექტორსა და კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო ავიაციის სფეროში. იუწყებიან, რომ გაიცემა სახელმწიფო გარანტიები, რომლებიც აუცილებელია სესხების გახანგრძლივებისა თუ რესტრუქტურიზაციისთვის. ტურისტულ ფირმებს გადაუვადეს გადასახადების გადახდა და სახელმწიფო ფონდებში აუცილებელი შენატანების ჩარიცხვა.
უკრაინის ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ აპირებს ახლო მომავალში შემოიღოს შეღავათიანი კრეტიდების გამოყენების წესები. ამ ზომას ბანკის პრესსამსახური უწოდებს „საკრედიტო არდადეგებს“ და ის მიმართულია იმ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომელიც კრიზისის შედეგად სესხს ვერ ფარავს. როგორ იმუშავებს ეს „არდადეგები“, ჯერჯერობით დეტალები უცნობია, თუმცა ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ეს ახალი წესები ქვეყნის ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება.
მანამდე უკრაინის პარლამენტმა აკრძალა საურავებისა და ჯარიმების დაწესება ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც კრედიტებს დროულად ვერ დაფარავენ. ანალოგიური წესები იმუშავებს გადასახადებისა და კომუნალური ხარჯების დროულად ვერგადახდაზეც.
უმუშევრობის შემწეობა ესტონეთში, ბიზნესის მხარდაჭერა ლატვიაში
ბალტიისპირეთის ქვეყნებში მთავრობებმა უკვე დაამტკიცეს კონკრეტული თანხების გამოყოფა ბიზნესებისა და მოქალაქეების მხარდასაჭერად. ესტონეთი აცხადებს, რომ მზად არის საამისოდ მშპ-ის 8 პროცენტამდე გამოყოს, აცხადებს პრემიერ-მინისტრი იური რატასი. ეს ფული მოხმარდება შრომის ბაზრის მხარდაჭერას უმუშევრობის შემწეობის დარიგების ფორმით და, ამავე დროს, დაზარალებული დამქირავებლებისთვის კომპენსაციების გადახდას. ამასთან, სახელმწიფო მზადაა საკრედიტო გადასახადების შეღავათების შემოღებისთვისაც.
მარტის შუა რიცხვებში ლატვიის მთავრობა ეკონომიკისთვის კორონავირუსის მიერ მიყენებულ ზარალს 1 მილიარდ დოლარამდე აფასებდა, თუმცა უკვე 20 მარტისთვის ექსპერტებმა ეს თანხა გააორმაგეს. ლატვიის მთავრობა აპირებს, პარლამენტს წარუდგინოს „ეკონომიკური პაკეტი“, რომელიც დროებით უმუშევრად დარჩენილებს ხელფასის 75 პროცენტს დაუფარავს, მაქსიმუმ 700 ევრომდე თვეში. ეს თანხა დაბეგვრას არ დაექვემდებარება. მხარდაჭერას აღმოუჩენენ ბიზნესსაც, თუმცა ერთი პირობით - კომპანიას არ უნდა ჰქონოდა გადასახადების გადახდის პრობლემა კრიზისამდელ პერიოდში.
კრიზისთან საბრძოლველად მსგავსი ზომების შემოღების წინადადებით გამოდის ლიეტუვის ფინანსთა სამინისტროც. საამისოდ ქვეყანა გეგმავს გახსნას საგზაო და კლიმატის ცვლილებების ფონდები.
ყაზახეთი ეკონომიური ხარჯვისთვის ემზადება
რუსეთის მსგავსად, ყაზახეთის ეკონომიკაც მჭიდროდაა დამოკიდებული ნედლეულის ექსპორტზე და მძიმე ფინანსურ კრიზისს იქაც ვარაუდობენ. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა უკვე გამოაცხადა, რომ კრიზისსა და მის შედეგებთან საბრძოლველად შესაძლოა გამოიყენონ სახსრები სარეზერვო ფონდიდან, რომლის მოცულობაც, პრეზიდენტის სიტყვებით, 90 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყაზახეთი ასევე გეგმავს გადასინჯოს ბიუჯეტის ხარჯვითი მიმართულებები ბიზნესისა და მოსახლეობის დასაქმების მხარდასაჭერად.
ეკონომიკის მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდა ექსპრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევიც. მან მოქალაქეებს სიტყვით მიმართა, პრეზიდენტ ტოყაევის კურსს მხარდაჭერა გამოუცხადა და ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდა, შენატანები გააკეთონ საგანგებო ფონდში, რომელიც სახელმწიფო ეკონომიკის გადასარჩენად შეიქმნა.
ყაზახეთში შექმნილი ვითარება ნაზარბაევმა შეადარა ქვეყანაში 1990-იან წლებში არსებულ კრიზისს და ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა მოემზადონ „მკაცრი ეკონომიკისთვის“.
განახლებადი რუკა, როგორ ვრცელდება მსოფლიოში კორონავირუსი: