10 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დადგენილება გამოსცა, რომლითაც 10 პირზე მეტის ერთად შეკრება აიკრძალა. ამ ნორმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები არიან.

"იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს", - ვკითხულობთ დადგენილებაში.

ამ დოკუმენტში საეკლესიო რიტუალები ნახსენები არაა, თუმცა აღნიშნულია, რომ იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

ვისზე არ ვრცელდება

10 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვა არ ვრცელდება:

  • სამედიცინო დაწესებულებებზე,
  • საჯარო დაწესებულებებზე,
  • თავდაცვის ძალებზე,
  • სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებზე,
  • სამართალდამცავ ორგანოებზე ფუნქციების შესრულების დროს.

შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა. გარდა ამისა, როგორც წინასწარ იყო გამოცხადებულუ, ეს ნორმა არ გავრცელდება ​სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემსრულებლებზე.

"10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით", - ვკითხულობთ დოკუმენტში.