„ეხო მოსკვიმ“ წაშალა ინტერვიუ, რომელშიც კორონავირუსით 1600 კაცის დაღუპვაზე იყო საუბარი

რუსეთის სახელმწიფო უწყების, „როსკომნადზორის“ მოთხოვნის საფუძველზე, რადიოსადგურმა „ეხო მოსკვიმ“ საიტიდან აიღო პროგრამა „განსაკუთრებული აზრის“ გაშიფრული ტექსტი და აუდიოჩანაწერი, რომელიც რუსეთში კორონავირუსის გავრცელებას ეძღვნებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია საიტის რედაქტორ ვიტალი რუვინსკიზე დაყრდნობით გავრცელდა.

გახმაურებული გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი ვალერი სოლოვეი, რომელმაც, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მალავს კორონავირუსით გამოწვეული კატასტროფის მასშტაბებს, რაც პოლიტოლოგმა შეადარა ჩერონობილის ავარიას და ყირიმის წყალდიდობას.

ვალერი სოლოვეიმ, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსისგან დაღუპულია 1600 კაცი. უბრალოდ, მათ სხვა დიაგნოზით გარდაცვალება დაუდგინეს. ხოლო კორონავირუსით დაავადებულია, დაახლოებით, 130-დან 160 ათას კაცამდე.

მანამდე „როსკომნადზორმა“ გააფრთხილა მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, კორონავირუსის შესახებ ფეიკ ნიუსების მყისიერი ბლოკირებისა და ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 21 მარტის მდგომარეობით ქვეყანაში დადგენილია კორონავირუსით დაინფიცირების 253 შემთხვევა. ერთი ადამიანი, 79 წლის ქალი, გარდაიცვალა.