სინოდის განჩინება: კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე კორონავირუსის (COVID – 19) შესახებ მიღებული განჩინება საზოგადოებას სხდომის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) გააცნო.

„წმინდა სინოდმა განაჩინა: დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები. მთავარი მიზეზი კი თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი, სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებას.

ჩვენ, ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, განსაკუთრებით კი წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში აძლიერებენ მარხვას და ლოცვას“, - წაიკითხა სხდომის ოქმიდან მიტროპოლიტმა ანდრიამ.

როგორც სინოდი აცხადებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.

„ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც განაღვრთობს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარჰყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა, არის ტაძარი.

ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი. ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია“, - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

ამ კრიტიკულ მომენტში სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:

  1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წესგანგების სრული დაცვით;
  2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება;
  3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის (წყლიანი ღვინის) მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით;
  4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში, ან კარანტინში მყოფთ, ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები;
  5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მარალი პროფესიონალიზმით. წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით გავხდეთ,სხვათა დასნებოვნების მიზეზი. არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას, ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.
  6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან. ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო’, ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ
  7. საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არიან ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან და არსებულ სიტუაციაში მიიღონ პაციენტები.

რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს ეკლესია მზად არის გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე. გარდა ამისა, ეკლესიის სამედიცინო დაწესებულებები მზად არიან ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან და მიიღონ პაციენტები.