მეორე კვირაა, კარანტინის პერიოდს საჩხერეში მდებარე სასტუმროში გადის „მთავარი არხის“ რეგიონალური კორესპონდენტი, ირაკლი ვაჩიბერაძე. როგორც გვეუბნება, უსაფრთხო სივრცეში გადასაყვანად დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავად მიმართა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მის ერთ-ერთ რესპონდენტს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ გააცნობიერა საფრთხე, რომელსაც კოლეგებსა და რესპონდენტებს შეუქმნიდა. ირაკლი ვაჩიბერაძეს ლაბორატორიული კვლევით ვირუსული დაავადება არ დაუდგინდა, თუმცა 24 მარტამდე კარანტინში დარჩება. ჟურნალისტი ამბობს, რომ სამსახურში დაბრუნების შემდეგ მკაცრად დაიცავს წესებს და, განსაკუთრებით, დისტანციას კოლეგებსა და რესპონდენტებთან: „აუცილებელია დავიცვათ ის სტანდარტი, რომელსაც გვთხოვენ - განსაკუთრებით, დისტანცირება ადამიანებთან - როგორც კოლეგებთან, ასევე რესპონდენტებთან. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა არ იმუშაონ ჯგუფებად, რადგან ძალიან დიდია რისკი“.
კორონავირუსის მასობრივად გავრცელების თავიდან ასაცილებლად დადგენილ წესებს იცავენ და ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ ტელე-რადიოკომპანია „რიონში“. საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის, ირინა მაკარიძის, თქმით, შემოიღეს მორიგეობა და შეამცირეს ოფისში ყოველდღე მიმსვლელი თანამშრომლების რაოდენობა. ამასთან, საქმე გადაინაწილეს და, შესაძლებლობის მიხედვით, დისტანციურად მუშაობენ. ირინა მაკარიძის ინფორმაციით, „ნიუსრუმში“, სტუდიებსა და ოთახებში დეზინფექცია ჩაატარეს და სტუმრების მიწვევა შეზღუდეს. რესპონდენტებს დისტანციურად, სოციალური ქსელის მეშვეობით წერენ ან სატელეფონო ინტერვიუებს ამზადებენ. „რიონის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ამბობს, რომ ტელეკომპანია, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებები, გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგა, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ: „ვცდილობთ დავიცვათ ყველა წესი ადგილზე და როდესაც ჟურნალისტები მიდიან გადაღებაზე, აქვთ პირბადე და ხელთათმანები“.
ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმით მუშაობს ტელეკომპანია „მეგა ტივიც“. მის ვებსაიტს დისტანციურად მართავს პასუხისმგებელი თანამშრომელი. ჟურნალისტები რესპონდენტებს დისტანციურად წერენ, თუმცა, როგორც თამარ ქავთარაძე ამბობს, ზოგიერთ თემაზე მუშაობისას აუცილებელია ადგილზე მისვლა და ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების წესებს იცავს: „გარკვეულწილად მოვერგეთ ახალ რეჟიმს, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ გარეთ გასვლა. როცა რესპონდენტს ვწერთ, ვცდილობთ დისტანცია შევინარჩუნოთ და დეზინფექციას ვუტარებთ ტექნიკას, როცა სამსახურში ვბრუნდებით“.
ამ დრომდე ჩვეული რეჟიმით მუშაობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი იმერეთში, ნესტან ჩაგელიშვილი. როგორც თავად ამბობს, ცდილობს დაიცვას ყველა წესი და რესპონდენტებს, გარკვეული დისტანციის დაცვით, ღია სივრცეში წერს.
„ვცდილობთ დავიცვათ უსაფრთხოების ზომები. გარდა ფიზიკური სირთულეებისა, ემოციურადაც რთულია, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე მიხვიდე სამედიცინო დაწესებულებასთან, თუმცა გვესმის, რომ აუცილებელია, და ვაგრძელებთ მუშაობას“.
ერთი კვირაა, მთლიანად დისტანციური რეჟიმით მუშაობენ საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტები. მათ დროებით შეაჩერეს მულტიმედია მასალების მომზადება. პასუხისმგებელი რედაქტორი თეკლე მორგოშია ამბობს, რომ მედიას მსგავს სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება, ფაქტობრივად, არ აქვს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება, მით უფრო მაშინ, როცა თითქმის ყველა პუბლიკაცია ახალ კორონავირუსსა და მისგან გამოწვეულ შედეგებს ეხება: „ვცდილობთ პუბლიკაციების სათაურები იყოს დაბალანსებული და არავითარ შემთხვევაში „მყვირალა“, რადგან ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ თავადაც არ ავყვეთ პანიკას და არ გამოვიწვიოთ შიში საზოგადოებაში“.
როგორც ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, დისტანციურად მუშაობის დროს რაიმე სერიოზული ტექნიკური პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნიათ.