კორონავურისის შესახებ გავრცელებული ცრუ SMS-ების შესახებ სუსი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას აქვეყნებს​ კორონავირუსის (COVID – 19) შესახებ ცრუ შეტყობინებების გაგზავნის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ.

„პირთა ჯგუფმა, საქართველოს რიგ მოქალაქეებს, „მთავრობის” და „ჯანდაცვის” სახელით გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. აღნიშნული ქმედებით, ისინი შეეცადნენ მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დეზინფორმირების გზით, უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და დაეთესათ პანიკა და ქაოსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, ცრუ SMS-ები გააგზავნეს კომპანიების „SMS OFFICE“-ის და ,,ემ ეს ჯგუფი”-ის სერვისების მეშვეობით. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, აღნიშნულ კომპანიებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საქმეზე გამოკითხულია ათეულობით მოწმე და მიმდინარეობს ცრუ შეტყობინებების გავრცელებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა მათთან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

„გამოძიებას საბოტაჟის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში.

შუქრი ბურჭულაძემ საკუთარი კომპანიის ,,ემ ეს ჯგუფის» შესახებ თქვა, რომ მისი კომპანიის თანამშრომელმა მთავრობის სახელით ცრუ SMS-ები გაუგზავნა ექვს ადამიანს, მათ შორის ოჯახის წევრებს.

„ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა მესიჯები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“, – აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

2020 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობამ, შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“ და შპს „ვიონი საქართველოს“ მეშვეობით, მოქალაქეებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებები გაუგზავნა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.