ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

„სამწუხაროდ, ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელიც იყო ქრონიკული დაავადებით დაავადებული. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებში“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, დიპლომატიური სამსახურები მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან.

„შექმნილია ცხელი ხაზი, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 40 ადამიანია დაინფიცირებული.