ირანი შიშობს, რომ სანიტარული ზომების უგულებელყოფას შესაძლოა მილიონამდე მსხვერპლი მოჰყვეს

ირანის ბანკის თანამშრომლები

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ საზოგადოება არ დაიცავს სანიტარულ წესებს, შესაძლოა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის გამო „მილიონები“ დაიღუპონ.

ეს გაფრთხილება 17 მარტის შუადღეზე გადაიცა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჯანმრთელობის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ 135 კაცის გარდაცვალების შესახებ. სულ კი კორონავირუსმა ირანში 988 ადამიანი იმსხვერპლა.

ირანში, სადაც განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადების 1178 ახალი შემთხვევა აღირიცხა, ხელისუფლებამ საპატიმროებიდან დროებით გაათავისუფლა ათასობით პატიმარი. უფრო ადრე, 9 მარტს, კორონავირუსის საპატიმრო ადგილებში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ირანის ხელისუფლებამ ციხეებიდან დროებით გაათავისუფლა 70 ათასი პატიმარი.

17 მარტის დილით კი ამას დაემატა კიდევ 85 ათასი პატიმარი. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ქიანოუშ ჯაჰანპურმა.