აფგან მუხთარლი პატიმრობიდან გათავისუფლდა. იგი ბაქოდან გერმანიაში გაამგზავრეს

აფგან მუხთარლი

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც მესამე წელია პატიმრობაში იმყოფება აზერბაიჯანში, 17 მარტს მოულოდნელად ციხიდან გაიყვანეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკით გაავრცელა მუხთარლის ძმამ, რამაზან მუხთარლიმ.


აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ეს ცნობა.


აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

აფგან მუხთარლის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოში არაერთხელ ჩატარდა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებისა და მისი აზერბაიჯანისათვის გადაცემისთვის.

ჟურნალისტი, მისი ადვოკატები და უფლებადამცველი ორგანიზაციები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.

2019 წელს აფგან მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას და მის შვილს გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.