საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების ეტაპს მომზადებული შეხვდა და, საჭიროების შემთხვევაში, სისტემა მზადაა პაციენტთა გაზრდილი ნაკადის მისაღებად:
"ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე აღვწერეთ ყველა დამატებითი საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის კიდევ დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც დაახლოებით 24-დან 48 საათში მზად იქნება პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი პერსონალის მზაობა კორონავირუსის პაციენტების მისაღებად და დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა მზადაა იმ გაზრდილი ნაკადის მისაღებად, რომელსაც ჩვენ ველოდებით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ასევე მედპერსონალის რაოდენობა. მინისტრის თანახმად, ჯერჯერობით საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატები არ დასჭირვებიათ.
„დღეისათვის მომზადებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, ასევე ჩვენს სხვა ექიმებთან, რომლებიც ამ პაციენტებს სტაციონარში მკურნალობენ. დღეისთვის მათი რაოდენობა არის საკმარისი, ისინი არიან მზად და ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებს და ტრენინგებს იმის შესაფერისად, თუ რა საჭიროება დგება ყოველ შემდეგ ნაბიჯზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის. ამის შესახებ მან 17 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს გადასვლა არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ მხრივ, პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემით. ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მისაღებად“, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებული 34 შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.