"ფანტაზია და მარჯვე ხელები" თვითიზოლაციაში: ვინ რა გაიხსენა და ვინ რა გამოიგონა?

კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული სიფრთხილის ერთ-ერთი გზა - დისტანციურ მუშაობაზე გადის. სახლში ყოფნაზე - თვითიზოლაციაზე, როგორც ასე ყოფნას ვუწოდებთ ბოლო დროს.

დაახლოებით ერთი კვირაა ეს ქართულ ფეისბუკსივრცესაც დაეტყო. „დღეს ნამცხვარი გამოვაცხვე“ - თვალებს არ უჯერებ, ამას ისეთი ადამიანი წერს ან: „ლოტოს თაროდან ჩამოღებისდროა“ - სხვას ეს იდეა აქვს.

სახლში მოულოდნელად და იძულებით დარჩენილი ბავშვები, მათი მშობლები და მშობლების მშობლები ახალი რეალობის წინ აღმოჩდნენ - ყველანი ერთად, ერთ სივრცეში და თან დიდი ხნით. ზოგმა ძველი ალბომები გადმოიღო, ზოგმა სრულიად ახალი პროფესიის სწავლა დაიწყო, ზოგი წასაკითხ წიგნებს ჩაუჯდა, ზოგმაც დამტვერილ ფორტეპიანოს ახადა სახურავი იმისთვის, რომ თვითიზოლაცია არ იყოს ძალიან მოსაწყენი.

ხელნაკეთი პლასტილინი

მარიამო ჯანელიძის მუშაობის გრაფიკი შეცვლილია - რადგან ყოველდღე სამსახურში სიარული აღარ უწევს, ამიტომ ის და მისი პირველკლასელი შვილი ერთად დიდ დროს ატარებენ. სკოლაში წასვლა ამოვარდა - რა ვქნათ? როგორ გავერთოთ? რა გამოვიგონოთ, რომ ტელევიზორთან და ელექტრონულ გაჯეტებთან მთელი დღე არ გავატაროთ? ასე დაიწყეს ახალი თამაშების გამოგონება და ძველების „გადაკეთება“.

იძულებით არდადეგებზე ნასწავლი ასოების ცნობა რომ არ დავიწყებოდა, მარიამომ თავის გოგონას მოუფიქრა, პლასტილინისგან ასოები გამოეძერწათ, მაგრამ ეს საქმიანობა ნახევარ საათში მოწყენილობით დასრულდა.

„და უცებ გამახსენდა ტელევიზორში ნანახი ვიდეო, როგორ გავაკეთოთ პლასტილინი სახლში! ავიღეთ ფქვილი, მარილი ზეთი, წყალი (ოღონდ შესაბამისი დოზები უნდა დაიცვა გაკეთებისას) და გამოგვივიდა შესანიშნავი პლასტილინი. თავისი გაკეთებული მასალით ისევ მოუნდა მუშაობა, შემდეგ მისგან გაკეთებული ფიგურები მოვხატე და ასე გავიდა 2 საათი ისე, რომ ეკრანთან არ მჯდარა“, - მოგვითხრობს მარიამო ჯანელიძე.

აქვთ კითხვის საათი - როცა ორივე კითხულობს. და კიდევ ცეკვის საათი - მორიგეობით რთავენ სასურველ სიმღერას და მის ფონზე ცეკვავენ. კიდევ არის აივანი, სადაც სკუტერით გაქანებაც შეიძლება.

რადგან ჯერ არავინ იცის თვითიზოლაციაში რამდენ ხანს მოგვიწევს დარჩენა, მარიამოც იმაზე ფიქრობს, როგორ არ იყოს ეს დღეები მოსაწყენი.

ჩაკეტილი ვარ ისედაც ჩაკეტილ დედამიწაზე და ვწერ

ზურა პაპიაშვილს ახალი არაფერი გამოუგონია, სამაგიეროდ, რადგან მწერალია, ორმაგი ძალით გააგრძელა თვითიზოლაციაში წერა.

„დილით ვდგები და ვწერ. ხან საღამოს 7, ხან საღამოს 10 საათამდეც“.

განსხვავება ის არის, რომ როგორც ზურა ამბობს, ეს ყველაფერი შერეული, თუ შემოპარული შიშის ფონზე ხდება. მას კი არასოდეს უწერია ისეთ პერიოდში, როდესაც შეშინებული ყოფილა.

„ბუნება გვჯობნის, მაგრამ ადამიანები ამას მხოლოდ სტიქიის, ვირუსების ან ომების დროს ვხდებით. დანარჩენ შემთხვევაში გაბრუებულები ვართ. აი, ეგ დავინახე. 2008 წლის ომის შემდეგ მსგავსი განცდა არ მქონია. ჩაკეტილი ვარ და განვიცდი იმას, რომ ჩაკეტილი ვზივარ ისედაც ჩაკეტილ დედამიწაზე. მოთმინება - აი რა აღმოვაჩინე ყველაზე მეტად ჩემ თავში და კიდევ, წერის დროს შიში, რომ საბოლოოდ, ერთ დღეს, შეიძლება, მხოლოდ ვირუსებმა წაიკითხონ შენი ნაწერი“.

კლასობანა, ბოიარდის ციხესიმაგრედ გადაქცეული სახლი და კერვის გაკვეთილები

თვითიზოლაცია და დისტანციური სამსახური არც ისე ადვილი აღმოჩნდა დიანა ანფიმიადისთვის. ბავშვი, რომლის ჩაკეტილ სივრცეში გაჩერება არ არის ადვილი და თან საქმე, რომელიც გასაკეთებელია. მაგრამ მალევე გადაწყვიტა, რომ ამ ამბისთვის უფრო მეტი დადებითი მხარე მოეძებნა - მაგალითად ის, რომ გიორგისთან მეტ დროს გაატარებდა და გამოგონებების სერიაც დაიწყო.

გუშინ, მაგალითად, კერვის გაკვეთილი ჰქონდათ, თარგიც გამოჭრეს და სათამაშოს შეუკერესტანსაცმელი. მერე ღილის დაკერება და ნემსში ძაფის გაყრა ასწავლა. მერე:

  • შეგროვილი ქვები მოხატეს.
  • გამოაცხვეს ნამცხვარი.
  • ითამაშეს კლასობანა - ეზოში.
  • მოაწყვეს მოდების ჩვენება ძველი ტანსაცმლით.
  • შემდეგ გიორგის ჰქონდა დავალება - კარადაში ნივთები დაელაგებინა ფერების მიხედვით.
  • ძველი ფოტოალბომები გადმოიღეს და თან ათვალიერეს, თან თანამედროვეობასთან პარალელები გაავლეს და მსგავსებებიც იპოვეს. თურმე - მუშტაიდის ბაღში დევების ძეგლი ისევ დგას!
  • ერთხელ კი სახლი ნამდვილ ლაბირინთად და ბოიარდის ციხესიმაგრედ გადაკეთდა.

და დიანამ ამ პროცესში აღმოაჩინა, რომ:

„თურმე, ჩვენი ბრალია, რომ ბავშვებს ვერ ვაშორებთ გაჯეტებიდან. ჩვენ არ ვიყავით მათთან ახლოს და ამ დოზით. მე ასე შევხედე ამ ამბავს“.

ერთად საჭმლის კეთება

დათო ლიკლიკაძე, რომელიც რამდენიმე პროფესიის გამო სულ სახლის გარეთ იყო, ან მივლინებაში, ან სამსახურში ან რაიმე ღონისძიების წამყვანად, უცებ მისთვის წარმოუდგენელი ხნით აღმოჩნდა სახლში.

„ოჯახს რომ დავუბრუნდი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა შევირთე ცოლი, ახლა მეყოლა შვილი და ის პერიოდია, სულ სახლში რომ ხარ. ამიტომ ვაკეთებ იმას, რაც სხვა დროს სულ მაკლდა, ეს მათთან ერთად ყოფნაა, ბავშვთან თამაში, ტელევიორის ყურება და ერთად საჭმლის კეთებაც, იმიტომ, რომ ამას მე მოკლებული ვიყავი ახალ წელსაც, ჩემს დაბადების დღეზეც და ყველა დღესასწაულზე“.

მაგრამ დათო არც იმას უარყოფს, რომ მისი რეჟიმის კაცისთვის თვითიზოლაციაში გაძლება მარტივი არ იქნება.

ცოტა ალკოჰოლზე რას იტყვით?

კორონავირუსის გავრცლების პირველ დღეებში ლელა ცისკარიშვილის ფეისბუკის გვერდი საეჭვოდ აჭრელდა გაშლილი სუფრებითა და ალკოჰოლიანი ჭიქებით. მერე როგორც აღმოჩნდა, ეს კორონავირუსის შიშთან გამკლავების გზა იყო - ცოტათი თავდავიწყება.

ლელა ცისკარიშვილი გვიზიარებს, რომ თვითიზოლაციისთვის თითქოს თავიდან მზად იყო, მაგრამ როგორც კი საქართველოში პირველი დაინფიცირებული პაციენტი გამოჩნდა, მიხვდა, რომ არაფრის ძალა აღარ ჰქონდა.

„მაგრამ მერე მივხვდი, რომ თვითიზოლაციაში შეიძლება აკეთო ყველაფერი - მოქსოვო, ვიდეოთამაშები ითამაშო, დაგროვილი წიგნების წაიკითხო, სერიალებს უყურო და საღამოს განტვირთვის ცოტა ალკოჰოლიც დავლიოთ“.

90-იანებში ლოტო გვქონდა სახლში. ნეტა შეგვენახა

ეს ფრაზა ზურაბ ჭიაბერაშვილს ეკუთვნის - საკუთარ ფეისბუკზე დაწერა - ადვილი მისახვედრია, რომ დისტანციურად მუშაობა მასაც უწევს, შინიდან. დეპუტატის დაკვირვება ის არის, რომ თვითიზოლაციის პერიოდში ოჯახის წევრებს, რომელთაც ჩვეულებრივზე დიდხანს მოუწევთ ერთ სივრცეში ერთად ყოფნა, სასიცოცხლოდ დასჭირდებათ დადებითი ატმოსფერო.

„მე მგონია, რომ ყველას გვაქვს წიგნები, რომელთა წაკითხვაც დიდი ხანია გვინდოდა, მაგრამ ვერ შვძელით - ახლა დროა. კიდევ, მგონია, რომ სახლში გამოკეტილები, სეირნობას დავიწყებთ ეზოებში - ცხადია, დისტანციის დაცვით. რაც შემეხება მე, რადგან მედიასთან ხშირად მიწევს ურთიერთობა და ხშირად ვიდეოზარით ვერთვები, სახლშიც ოფიციალურად ჩაცმულს მიწევს ყოფნა“, - გვითხრა ზურა ჭიაბერაშვილმა.

სახლი - საფეხბურთო მოედანი

ნათია სხილაძისთვის შინდარჩენის პერიოდში პირველი აღმოჩენა ის იყოს, რომ თურმე, ოთახის ყვავილებს დედა კი არა, მამა უვლიდა.რომ მისი შვილი, დემეტრე, თურმე, წიგნის კითხვის პარალელურად პერსონაჟებს ხატავს.

აღმოაჩინა, რომ „სახლის ტელეფონი“ ისევ რეკავს. ერთ საღამოს კი ფორტეპიანოს სახურავი ახადა:

„და ბავშვობის მერე პირველად დავუკარი. ახლა საღამოობით, ყველა ერთად ვიკრიბებით, ვუკრავთ და ვმღერით, როგორც გამოგვდის. დემე სახლში ფეხბურთსაც თამაშობს - თვითიზოლაცია არ არის ადვილი, ამიტომ დროებით აქ საფეხბურთო მოედანია. შუა ყავის სმის დროს, შესაძლოა, ბურთი მოგხვდეს, მაგრამ არა უშავს. გვინდა რაც შეიძლება ლაღად გავიდეს ეს დღეები“.

თვითონ კი წერს. წერს ყველაფერს, რაც ხდება, რაზეც ფიქრობს და რაც მთვარია, წერს იმაზე, რა უნდა გააკეთოს, როცა მსოფლიო ვირუსს დაამარცხებს.