ალბათ, ზუსტად ეს კითხვა დაისვა 108 წლის წინათაც, როცა 1912 წლის 16 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი დრამატურგი, ძველი თბილისის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწილის - სომხურისა და ქართულის „ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი“, გაბრიელ სუნდუკიანი, და როცა მისი ოჯახის წევრებმა, მწერლის მიერ გარდაცვალებამდე რვა თვით ადრე დაწერილი ანდერძი წაიკითხეს...
ცხადია, 108 წლის წინ თბილისში სულ სხვა ვითარება იყო და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილის შორეული კოლეგა არ გამოსულა ინიციატივით და არც არაფერი იმის მსგავსი არ უთქვამს, რაც სულ ცოტა ხნის წინ პაატა იმნაძემ უთხრა საქართველოს მოქალაქეებს:
„რაღაც ეტაპზე, საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. ეს არის პირველ რიგში 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული“.
გაბრიელ სუნდუკიანმა თვითონ დაუწესა შეზღუდვა თავისი ოჯახის წევრებს, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ...
გაბრიელ სუნდუკიანცი, ანუ როგორც ქალაქელები უწოდებდნენ „მეზანდუკეანთ გაბო“, ბედნიერი კაცი იყო. ღმერთმა მისთვის არაფერი დაიშურა: არც ჯანმრთელობა, არც გარეგნობა და, რაც მთავარია, არც ნიჭი. გარდა იმისა, რომ მიიღო იმ დროისათვის საუკეთესო განათლება, ბრწყინვალე დრამატურგიც გამოდგა. მისი პიესები ანშლაგით იდგმებოდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში ტფილისის როგორც სომხურ, ასევე ქართულ სცენაზე. ნიჭიერი მწერალი, ნიჭიერი მთარგმნელიც იყო. თვითონ თარგმნიდა თავის პიესებს და ამაში გასაკვირი არაფერია. მწერლის პაპა, მამა, დედა, ცოლი სოფიო და თვითონ გაბრიელიც ოჯახში ქართულად ლაპარაკობდნენ. იოსებ გრიშაშვილის თქმით, ამას ამტკიცებს ერევნის ლიტერატურულ მუზეუმში დაცული სუნდუკიანის ოჯახის ის ეპისტოლარული მდიდარი მასალა, რომელიც წმინდა ქართულით არის შესრულებული. „საყვარელო და ნახვად სანატრელო დედაჯან!“, „თქვენი მორჩილი და მუხლზედ მთხოვნელი შვილი გაბრიელი! - ასეთი ქართულით აწერდა ხელს მწერალი დედისთვის გაგზავნილ, 1855 წლით დათარიღებულ წერილებს.
გარდა იმისა, რომ ტფილისელთა გულისთქმას ეხმიანებოდა, სუნდუკიანის პიესების პოპულარობას ასევე განაპირობებდა იმდროინდელი ვარსკვლავების მონაწილეობა დადგმებში. როგორც ერთი კრიტიკოსი წერდა, „ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვი-აბაშიძისა, ნატო გაბუნია, კოტე ყიფიანი - ეს ოთხი ბურჯი ქართული სცენისა - უებრონი იყვნენ სუნდუკიანის პიესებში“.
თქვენ წარმოიდგინეთ, სუნდუკიანის ერთ პიესაში („კიდევ ერთი მსხვერპლი“) აკაკი წერეთელსაც კი მიუღია მონაწილეობა.
ცხადია, პოპულარობას მოჰქონდა მატერიალური წარმატებაც, რასაც, თანამედროვეთა გადმოცემით, დრამატურგი უხვად უნაწილებდა მეგობრებს:
„გაბრიელ სუნდუკიანი მეტისმეტად ტკბილი მოხუცი იყო, ალერსიანი და პურმარილის კაცი. ხშირად ეპატიჟებოდა თეატრის ქურუმებს თავისთან ოჯახში და დახვედრა თურმე ისეთი იცოდა, როგორც სჩვეოდა მხოლოდ გულღია და უხვ ქალაქელ მასპინძელს“.
ეს ყველაფერი გაბრიელ სუნდაკიანის ანდერძის უკეთ გასაგებად გავიხსენეთ. აშკარაა, რომ მწერალს არა მომჭირნეობისა და ოჯახის წევრებისათვის ხარჯის არიდების სურვილი, არამედ თავმდაბლობა ამოძრავებდა, როცა ანდერძს წერდა. აი, სახელდობრ ანდერძის ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიც:
„მშვიდობით, მე წავედი, იმისთანა ალაგას, საიდანაც რაც ქვეყანა არსებობს, არავინ დაბრუნებულა.
თუ ვინმესთვის რაიმე დამიშავებია, ვთხოვ, მაპატიოს, ვისაც ჩემთვის დაუშავებია, მეც ვაპატიებ წმინდის გულით...
ჩემი დაკრძალვის დროს არავითარი სამზადისი არ არის საჭირო...
შავები არც ერთ ოთახში არ იყოს და თქვენც ჩემო აზიზო სოფიო, გულით საყვარელო შვილებო და შვილიშვილებო, თუ შავებს არ ჩაიცვამთ, ძლიერ კარგს იზამთ.
„ვენოკები“ (გვირგვინები) ერთიც არ იყოს არც სახლში, არც კარში, არც თქვენ შეუკვეთოთ, არც სხვისგან მიიღოთ, ადრევე შეატყობინეთ, რომ არავის ეწყინოს.
ჩემს დაკრძალვამდე სახლში არავითარი პანაშვიდი არ გადაიხადოთ...
გაზეთები არ გაავსოთ მრავალი და მახინჯი განცხადებით.
ჩემი სიკვდილის განცხადება დაწერეთ უბრალოდ და ჩემ ხარისხს ნუ გამოაცხადებთ.
ჩემი ნამსახურების ჯვრები და ჩინები არც ბალიშებზე და არც უბალიშოდ სრულებით არ იყოს.
ბალდახინი და ცერემონიები სრულებით არ იყოს... რვა მუშა და რვა კინტო მოიწვიეთ რიგრიგად. ჩიტივით გამაფრენენ: იქნებ მათ შორის პეპოც აღმოჩნდეს.
თუ გულით გსურთ ჩემი ძეგლის დადგმა და ამის ღირსი ვარ, ეს ძეგლი ჩემს მაგიერ „პეპოს“ დაუდგით, ასეთი წარწერით: „პეპო, ეს ბარათი მაგ მოტეხილი ხელით არ დაგიწერია?“
ქელეხ-მელეხი სრულებით არ არის საჭირო.
მშვიდობით, ჩემო საყვარელო თბილის-ქალაქო!
მშვიდობით, საყვარელო ადამიანებო, რომელიც ეროვნებისა, ტომისა და სარწმუნობობისაც უნდა იყოთ!
მშვიდობით, ჩემო საყვარელო და სათაყვანებელო ეროვნებავ!
ყველას სიყვარული ჩემს გულში ღრმად ჩამარხული თან მიმაქვს.
მშვიდობით! გაბრიელ სუნდუკიანი“.
ეს ის დროა, როცა მრავალი წლის განმავლობაში ქართული პრესა და თერგდალეულთა არაერთი წარმომადგენელი უშედეგოდ ცდილობს, უარი ათქმევინოს მოსახლეობას უზომოდ ხარჯიან ე.წ. ტრადიციული ადათ-წესების აღსრულებაზე.
1881 წლის ლიტერატურულ-პოლიტიკური ჟურნალი „იმედი“ წერდა: ყოველწლიურად მოსახლეობა ხარჯავს ნათლობაზე 1 200 000 მან, ქორწილებზე - 1 500 000 მან, ხატობა-დღესასწაულებზე 150 000 მან და მიცვალებულთან დაკავშირებულ რიტუალებზე 4 500 000 მან“.
ცნობილი საზოგადო მოღვაწე პეტრე უმიკაშვილიც დიდად შეწუხებული იყო ხალხმრავალი ქელეხებით. „სასოფლო გაზეთის“ 1876 წლის N12-ში გამოქვეყნებულ წერილში უმიკაშვილი საუბრობს იმერეთში გავრცელებულ წესზე „ზარით ხალხის დაძახებაზე“.
„იმერეთში ჩვეულება არის ჭირისუფალი მაწვევარს დაატარებს მცნობში და ნათესავებში, ზარით მობრძანდითო. ყოველ მოწვეულ კაცს, რამდენიც სურს, იმდენს დაუძახებს ხალხსა და თან წაიყვანს ჭირისუფალთან. რამდენსაც მეტ მოზარეს წაიყვანდა, იმდენად უფრო მიცვალებულის პატრონის პატივისცემა იყო. ამის გამო მიწვეული კაცი ბევრჯერ ათს, ოცს და ზოგჯერ სამოც კაცს მიიყვანს. ამგვარად მიწვეული საშინლად ბევრი იყრება, ასე რომ ბევრჯერ ათასამდე კაცი შეგროვდება. იფიქრეთ, რა ყოფა უნდა იყოს გლეხი კაცის ყოფა! სულ რომ არა ვიანგარიშოთ რა, მარტო ცარიელ ღომის ხარჯვა ვთქვათ, თორემ მარხვაში ლობიო და ხსნილი თევზი ამასთან ღვინო უეჭველი“, - წერს პეტრე უმიკაშვილი, რომელიც იქვე დასძენს, რომ ქართლსა და კახეთში, მართალია, ზარი არ იციან, მაგრამ თითქმის მთელი სოფლის კაცი და დედაკაცი ქელეხში მიდის, სოფლები კი დიდია და ამის გამო ნაკლები ხარჯი არა აქვსო, „მეტადრე იმიტომ, რომ ქელეხში რამდენიმე ფერი საჭმელი იციან და საკლავსაც ჰკლავენ. პურის და ლავაშის შინ წაღება იციან... ეს ამოდენა ხარჯი თითქმის ყოველთვის ოჯახის პატრონს, ერთ კაცს აწვება კისერზე და რა საკვირველია რომ გაღარიბდეს“-ო.
ასეთივე ვითარება იყო ხევში და, როგორც ჩანს, მთელ დანარჩენ საქართველოში.
„სიკვდილი ხომ თითონაც დიდი ზარალია იმით, რომ ერთს მშობელ ადამიანს სტაცებს ქვეყანას, ამის გარდა სხვაფრივადაც დიდად საზარალოა, რადგანაც ხევში ტირილი იციან და ამ ტირილში ჭირისუფალს დიდი ხარჯი ეძლევა“, - ვკითხულობთ 1891 წლის N27 „ივერიაში“.
1876 წლის „დროების“ N86 ნომერში თვითონ სერგეი მესხი წერდა, ჭირისუფალს ვერ ნახავთ ჩვენში, რომ არ სჩიოდეს იმ უთავბოლო ხარჯზე, რომელიც მიცვალებულის დასაფლავებას მოსდევსო.
„არა გვგონია, რომ ან ღვთისა და ან კაცისათვის სასიამოვნო იყოს, როდესაც ურდო ხალხი, რომელიც ჭირისუფალის სახლში იყრის თავს, თვრება, უზომოდ ქეიფობს, ჩხუბობს, და ხშირად, ნაღვინევი, ლეკურ-ხანჯლით დაერევა ერთმანეთს. ნამდვილად მწუხარება ქეიფითა და ღვინის სმით არ გამოცხადდება. ის არ სჯობიან, რომ ეს უანგარიშო ხარჯი მოისპოს, რომ მოისპოს ხარჯი, რომელიც დამღუპველია უიმისოთაც მიცვალებულის მოკლებით დაზიანებულის ოჯახისათვის, და მის მაგიერად, მიცვალებულის სულის სახსოვრად რაიმე მართლა ნამდვილად სახსოვარი, კეთილი საქმე ჰქნას ჭირისუფალმა?“, - კითხულობდა სერგეი მესხი ჯერ კიდევ 150 წლის წინ.
ცხადია, ასევე არსებობდა ქორწილებში საჩუქრების მიძღვნისა და ჭირის დღეში გადასახურავის შეწევის ჩვეულებაც, მაგრამ ის მხოლოდ ნაწილობრივ თუ ანაზღაურებდა უაზროდ გაწეულ ხარჯს. ამასთან, იმავე სერგეი მესხის სტატიას „დროებაში“ მოსდევს ცნობა სტეფანწმინდაში მოხევეების მიერ გამართული ყრილობის განჩინების შესახებ, რომლის მიხედვითაც: „ვინც მიცვალებულის საიქიობისათვის რაიმე ხარჯი მოინდომოს, იმან უნდა შემოიტანოს ფული ან შკოლისათვის, ან ბანკისათვის, ან სხვა რისთვისმე, რაზედაც შემდგომ თვითონ ქვემორე ხელისმომწერნი ამ ფულის მოხმარებას მოინდომებენ, შეწირული ფული ერთს თუმანს არ უნდა გადასჭარბდეს, რომ ერთმანეთის მიბაძვამ ბევრის შეწირვა არ გამოიწვიოს და საქმე ღარიბის დასაღუპავად არ გახადოს. მაშინ ჩვენი დაწყობილება თავის მიზანს, ყველას სარგებლობას, ვერ მიაღწევს“.
აი, ასეთი წერილები და ანდერძები იწერებოდა 100-150 წლის წინ, თუმცა ვერც გაბრიელ სუნდუკიანის თავმდაბლობა და ვერც უმიკაშვილ-მესხის რაციონალიზმი გადამდები ვერ გამოდგა. როგორც „დროება“ წერდა, ვერაფერმა გვათქმევინა უარი მიცვალებულის ასაბიათი და ზარით ტირილზე, ქორწილებში უზომოდ სმასა და ხმალ-ხანჯლის ტრიალზე, კაცების დაჭრასა და ხანდისხან შემოკვდომაზეც. ასე მოვედით დღევანდელობამდე, როცა უკვე ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები, ახალი კორონავირუსის გადამკიდე, არა მხოლოდ ჩვენს მატერიალურ კეთილდღეობას, არამედ ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს.