ქუთაისი-ბუდაპეშტის გარდა, Wizz Air-ი საქართველოდან ყველა ფრენას აჩერებს

Wizz Air-ი, ქუთაისი-ბუდაპეშტის რეისის გარდა, საქართველოდან ყველა ფრენას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა გაავრცელა.

"სამოგზაურო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აეროპორტში განმარტავენ, რომ ფრენები ორი კვირის განმავლობაში, 18 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით შეჩერდება და ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი სიტუაციისა და ხელისუფლების მიერ მგზავრობაზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე მიიღეს. მათივე ინფორმაციით, ვისაც ამ დროის განმავლობაში მგზავრობის ბილეთი ჰქონდათ ნაყიდი, გადახდილი თანხის 120 პროცენტი Wizz Credit-ის ანგარიშზე აესახებათ. ხოლო თუ ფულის საბარათე ანგარიშზე დაბრუნებას გადაწყვეტენ, მათ ბილეთის ღირებულების 100 პროცენტი დაუბრუნდებათ.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ 18 მარტის ღამის 12 საათიდან მთავრობამ საზღვრები ჩაკეტა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.