საპატრიარქო: დასაშვებია ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქით

კორონავირუსის პანდემიის შესახებ საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დასაშვებად მიიჩნევს "ზიარების შემდგომ სასმელის ('სიტკბოების') მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით".

საპატრიარქო აცხადებს, რომ მას სამოქალაქო პასუხისმგებლობა ავალდებულებს გაითვალისწინოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ შემოღებული ზომები. "უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქომაც და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია" - ვკითხულობთ განცხადებაში.

"საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, და ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს" - აცხადებს საქართველოს საპატრიარქო.

კორონავირუსის საფრთხის ფონზე, ზიარების დროს ეკლესიებში საერთო კოვზის გამოყენების პრაქტიკა ბოლო დღეებში საზოგადოებრივი განსჯის საგანი გახდა.

საპატრიარქო 29 თებერვალს გამოეხმაურა ამ მსჯელობას და გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობდით: „ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა“.