ირანში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა, რამაც მსხვერპლის მთლიანი რიცხვი 611-მდე გაზარდა, - იუწყება ირანის სახელმწიფო ტელევიზია 14 მარტს.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, ტელევიზიამ განაცხადა, რომ ირანში - რომელზეც ყველაზე მძიმედ აისახა პანდემია ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით - რეგისტრირებულია კორონავირუსის 12,729 დადასტურებული შემთხვევა.
კრიტიკოსები შიშობენ, რომ დაავადებულთა რეალური რაოდენობა ბევრად დიდი შეიძლება იყოს და კითხვებს სვამენ ამ საკითხთან მიმართებით მთავრობის გამჭვირვალობის შესახებ.
ვირუსთან ბრძოლის მიზნით, სასულიერო მმართველებმა უკვე დახურეს სკოლები და უნივერსიტეტები და მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაჩერეს რელიგიური, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
13 მარტს ირანის არმიის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს ბრძანება მიეცათ, ქუჩებიდან და მაღაზიებიდან გაიყვანონ ადამიანები.
12 მარტს ირანმა გამოაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს 5 მილიარდი დოლარის ოდენობის სასწრაფო სესხს სთხოვს, რათა დაფინანსდეს ვირუსთან ბრძოლის ძალისხმევა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 12 მარტს მიმართა თხოვნით, დაუყოვნებლივ მოხსნას ირანის ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები. ზარიფის თქმით, ეს სანქციები ართულებს ქვეყანაში მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის შეტანას.