წამყვან ევროპარლამენტართა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მაღალი შეფასება მისცა მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას საარჩევნო სისტემის თაობაზე.
წერილი ტვიტერით გაავრცელა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომელიც წერს: „შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება საქართველოში პოლიტკიური ვითარების დეესკალაციისა და ნორმალიზაციისთვის მიმდინარე წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინა პერიოდში“.
ერთობლივ წერილში ევროპარლამენტარები წერენ, რომ შეთანხმების თაობაზე დადებითი ცნობა იმედის მომცემია, რომ „საქართველო შეძლებს გააგრძელოს წინსვლა მისი ხალხის ევროპული არჩევანის შესრულების გზაზე“.
ამასთან, წერილის ავტორები შეშფოთებას გამოხატავენ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების გამო და მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებები უგულავას მიმართ, "რომლის გათავისუფლება განიხილება, როგორც ტესტი შეთანხმების იმპლემენტციისთვის".